ბათუმელებმა „საბურთალო“ დაამარცხეს – ყრუაშვილმა არგატანილი გოლი ჩათვალა

0
8

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურის ცენტრალურ მატჩში გია გეგუჩაძის თავკაცობით ბათუმის „დინამომ“ ხვიჩა შუბითიძის დამოძღვრილ თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა და 4:1 აჯობა.

მატჩის მე-6 წუთზე ლაშა შინდაგორიძემ შორი მანძილიდან უძლიერესად დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა, მაგრამ კარის ხაზი არ გადაუკვეთია, თუმცა მთავარმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა უხეში შეცდომა დაუშვა და ბათუმელებს გოლი ჩაუთვალა.

ალბათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტი ამ ეპიზოდს განიხილავს და თავის ვერდიქტს გამოიტანს.

42-ე წუთზე, გიორგი გოჩოლეიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი მასპინძლებსი საჯარიმოში, სადაც გიორგი კოხრეიძემ საჰაერო ორთაბრძოლა გრიგოლ ჩაბრაძეს მოუგო და თავით ლამაზი გოლი გაიტანა – 1:1.

63-ე წუთზე, ვლადიმერ მამუჩაშვილი საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში აწვდიდა ბურთს, რომელიც ცოცხალ კედელში მდგომ გიორგი კოხრეიძეს ხელში მოხვდა, ხოლო მსაჯმა პენალტი დაინიშნა.

მამუჩაშვილმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 2:1.

72-ე წუთზე, მამუჩაშვილმა „ჯარიმიდან“ ბურთი „საბურთალოს“ კართან ჩააწოდა, სადაც უმეთვალყურეოდ დარჩენილმა გიორგი ფანცულაიამ თავით გაიტანა – 3:1.

79-ე წუთზე, მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარჯვნიდან ბურთიანად შესულმა მამუჩაშვილმა გადაცემა გიული მანჯგალაძეს გაუკეთა, რომელმაც მატჩში წერტილი დასვა – 4:1.

ბათუმელებმა ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგეს და 31 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია.

„საბურთალომ“ მიჯრით მეორე შეხვედრა ისე წააგო, რომ 4 გოლი გაუშვა. თბილისელები 21 ქულით მეოთხე პოზიციაზე არიან.

„ბათუმი არენაზე“ ჩატარებულ თამაშს თვალი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ადევნა.

თბილისის „ლოკომოტივმა“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა საგურამოში გამართულ დაპირისპირებაში გაი ცეცაძის გაწვრთნილ „სამტრედიას“ 3:1 აჯობა.

„ლოკომოტივმა“ ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა, როდესაც მამია გავაშელიშვილი გადაცემის შემდეგ, სტუმართა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ნიდერლანდელმა ლეგიონერმა იმრანმა კარიდან გამოსულ ბექა ქურდაძეს ერთი შეხებით ბურთი თავს ზემოთ ოსტატურად გადაუგდო. მან ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა.

53-ე წუთზე ანდრო გიორგაძემ თავისი ნახევრიდან გრძელი პასი გააკეთა მათე კვირკვიას მიმართულებით, რომელმაც მაღალ ნახტომში გიორგი გაბაძეს აჯობა, ბურთი მკერდზე მიიღო და საჯარიმოში შესულმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ამ ეპიზოდში მას ხელი ვერც გურამ კაშიამ შეუშალა და ვერც ნიკა სანდოხაძემ.

66-ე წუთზე, იმრანმა დროული პასი გაუკეთა მარჯვენა ფლანგზე გივი მუკბანიანს, რომელმაც ერთი შეხებით სტუმართა კარის წინ გიორგი იაკობიძემ მოძებნა და ამ უკანასკნელმა ახლო მანძილიდან ანგარიში გაზარდა – 2:1.

72-ე წუთზე, იმრანმა ბურთო სამტრედიელთა საჯარიმოში მიიღო, დაამუშავა და „ცაციათი“ ქურდაძის კარში გადაგზავნა – 3:1.

“ლოკომოტივმა” 21 ქულა დააგროვა და მე-5 პოზიციაზეა, ხოლო “სამტრედია” 9 ქულით მეცხრეა.

თბილისის „დინამომ“ აუტსაიდერი „თელავი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 65-ე წუთზე, თავი საბა ხვადაგიანმა გამოიჩინა, რომელიც თელაველთა საჯარიმოში ბაქარ ქარდავამ მოძებნა და მასპინძლები 18 წლის მცველმა ერთი შეხებით შორეულ კუთხეში აუღებლად დაარტყა – 1:0. მან „დინამოში“ თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

„დინამო“ 31 ქულით მე-2 ადგილზეა და ბათუმელებს პირად შეხვედრებში ნაჩვენები უარესი შედეგით ჩამორჩება. “თელავი” 8 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოა.