„ატლეტიკომ“ თამაში შემოატრიალა, ზიდანის საუკეთესო სერია „რეალში“

0
1

მადრიდის „ატლეტიკომ“ ესპანეთის ლა ლ;იგის 37-ე ტურში შინ „ოსასუნას“ 2:1 სძლია.

მატჩის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 75-ე წუთზე სტუმრები თავური დარტყმით ანტე ბუდიმირმა დააწინაურა.

„ატლეტიკომ“ ანგარიში 82-ე წუთზე რენარ ლოდის დარტყმის მერე გაათანაბრა. მადრიდელებს 3 ქულა ლუის სუარესმა ააღებინა, რომელმაც მეტოქის კარი 88-ე წუტზე აიღო და მიმდინარე სეზონში თავისი მე-20 გოლი გაიტანა.

ლა ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, „ატლეტიკო“ 83 ქულით პირველ ადგილზეა და 2 ქულით სჯობს „რეალს“, რომელმაც სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკი“ ნაჩოს ერთადერთი გოლით დაამარცხა.

„რეალს“ ლა ლიგაში ზედიზედ 17 თამაშია არ წაუგია – 12 გამარჯვება და 5 ფრე. „სამეფო კლუბი“ ბოლოს 30 იანვარს „ლევანტესთან“ (1:2) დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ზიდანის მწვრთნელობის პერიოდში „რეალს“ საუკეთესო სერია აქვს.

„ბარსელონა“ საჩემპიონო ბრძოლას საბოლოოდ ჩამოშორდა, რადგან თავის მოედანზე „სელტასთან“ 1:2 წააგო.

კატალონიელები 28-ე წუთზე ლიონელ მესიმ დააწინაურა, რომელმაც ამ სეზონში თავისი 30-ე გოლი გაიტანა. მან კარიერაში ესპანეთის ჩემპიონატში 30 ან მეტი ბურთის გატანა 9-ჯერ მოახერხა.

38-ე წუთზე ანგარიში სანტი მინამ გაათანაბრა, რომელმაც 89-ე წუთზე დუბლი შეასრულა და ვიგოელებს 3 ქულა მოუტანა.

„ბარსელონა“ ბოლო ტურის წინ „ატლეტიკოს“ 7 ქულით ჩამორჩება, ხოლო „რეალს“ – ხუთით.

ბოლო 13 წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ “ბარსელონა” ზედიზედ 2 სეზონის განმავლობაში ჩემპიონი ვერ გახდა.