“ცხუმ-აფხაზეთმა” “დინამოს” სძლია და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა

0
1

სუპერლიგის ნახევარფინალური სერიები დღეს დაიწყო. რუსთავში 17:00 საათზე სტარტს აიღებს ადგილობრივი გუნდისა და “კაკტუსის” დაპირისპირება, მანამდე კი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში “ცხუმ-აფხაზეთისა” და “დინამოს” სერია გაიხსნა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სერია 2 მოგებამდეა და მის მოსაგებად პირველი ნაბიჯი “ცხუმ-აფხაზეთმა” უკვე გადადგა.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა მუჰამედ ტაჩის “დინამოს” 89:82 (სტატისტიკა) მოუგო და სერიაში 1:0 დაწინაურდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა აღსანიშნავია, რომ დროის უმეტესობა წინ “დინამო” იყო. მუჰამედ ტაჩის გუნდი ერთხანს 12 ქულითაც იგებდა. ეს მოხდა მესამე პერიოდის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, როცა ლუკა ბულაშვილის საჯარიმოების შემდეგ დინამო 67:55 გალიდერდა.

თამაშის დასრულებამდე 13 წუთით ადრე ასეთი ლიდერობა გამარჯვებასთან გვარიან მიახლოებას ნიშნავს, თუმცა დინამოელებმა ბოძებული შანსი ვერ გამოიყენეს. ეს, რა თმა უნდა, ცხუმ-აფხაზეთის მოთამაშეების დამსახურებაა, რომლებმაც მწვრთნელისგან მიღებული დავალებები კარგად შეასრულეს და მე-3 პერიოდის დასრულებამდე ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს, ბოლო ათწუთეულიდან კი ლიდერობასაც დაეპატრონნენ.

ჯოშუა მაკფოლის, ალექსანდრე ფევაძის, გიორგი შარაბიძისა და მისი თანაგუნდელების შედეგიანობით ცხუმელებმა გაქცევა მოაწყვეს და შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 10 ქულით – 88:78 დაწინაურდნენ. ეს შანსი ჩერქეზიშვილის გუნდმა ხელიდან აღარ გაუშვა და ლიდერობა ბოლო წუთებამდე წარმატებით შეინარჩუნა.

გამარჯვებულებს 10 ქულით, 12 მოხსნითა და 4 პასით ალექსანდრე ფევაძემ ულიდერა. 13 ქულა და 10 მოხსნა რაჰიმ ჯონსონმა მიითვალა, ხოლო გიორგი შარაბიძის ანგარიშზე 13 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. დინამოელთაგან 28 ქულითა და 10 პასით საუკეთესო იყო ლუკა ბულაშვილი. 17 ქულა და 9 მოხსნა მაიკლ ედვარდსმა მოაგროვა.

ამ გუნდებს შორის სერიის მეორე მატჩი 17 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში, 14:00 საათზე გაიმართება.