„სიტის“ მორიგი რეკორდი და ტორესის პირველი ჰეთ-თრიქი

0
5

ინგლისის პრემიერ ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაჩემპიონებულმა „მანჩესტერ სიტიმ“ მორიგი რეკორდი დაამყარა.

36-ე ტურში, პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად „ნიუკასლი“ 4:3 დაამარცხა.

ამრიგად, მანჩესტერელებმა პრემიერ ლიგაში სტუმრად ზედიზედ 12 შეხვედრა მოიგო, რაც ინგლისის წამყვანი 4 დივიზიონის რეკორდია.

სხვათა შორის, „სიტი“ „ნიუკასლთან“ შეხვედრაში ბურთს სათამაშო დროის 82,3 პროცენტის განმავლობაში ფლობდა, რაც ბოლო 17 წლის მანძილზე მეორე შედეგია.

რეკორდი თავად მანჩესტერელებს ეკუთვნით, რომლებიც 2018 წლის აპრილში „სუონსისთან“ ჩატარებულ შეხვედრაში ბურთს სათამაშო დროის 83 პროცენტის განმავლობაში აკონტროლებდნენ.

„ნიუკასლთან“ მატჩში ჰეთ-თრიქი „სიტის“ 21 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა ფერან ტორესმა შეასრულა, რომელიც პრემიერ ლიგში სადებიუტო სეზონს ატარებს და ერთ თამაშში 3 გოლი პირველად გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ტორესი 21 წლისა და 75 დღის ასაკში გვარდიოლას მიერ გაწვრთნილს გუნდებში ჰეთ-თრიქის შემსრულებელი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

მანამდე, ასეთი ლიონელ მესი იყო, რომელმაც ერთ თამაშში 3 გოლი 22 წლისა და 200 დღის ასაკში გაიტანა.

„ნიუკასლთან“ დაპირისპირებაში „სიტიში“ 36 წლის მეკარე სკოტ კარსონის დებიუტი შედგა, რომელმაც პრემიერ ლიგაში 10-წლიანი პაუზის მერე ითამაშა.

გუშინდლამდე, ინგლისის ნაკრებში 4 მატჩის ჩამტარებელი გოლკიპერმა ბოლოს პრემიერ ლიგაში 2011 წლის მაისში „ვესტ ბრომვიჩში“ ითამაშა „ნიუკასლის“ (3:3) წინააღმდეგ.