“რუსთავმა” ნახევარფინალური სერია “კაკტუსთან” გამარჯვებით გახსნა

0
11

საკალათბურთო კლუბმა “რუსთავმა”, რომელმაც სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა, ნახევარფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო. ანატოლი ბოისას გაწვრთნილ რუსთაველებს 2 მოგებამდე განგრძობად სერიაში მოედნის უპირატესობა აქვთ და შესაბამისად, პირველ შეხვედრასაც შინაურ დარბაზში უმასპინძლეს. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა “კაკტუსმა” სოლიდური წინააღმდეგობა გაუწია ქვემოქართლელებს, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად ძალები არ ეყო.

კაკტუსი დაბალანსებული შემადგენლობითა და თამაშით პირველ პერიოდში ფონს გადიოდა. ეი ჯეი სამბრი ფარქვეშ რუსთაველ მაღლებს ტოლს არ უდებდა, უკანა ზახში კი სანდრო სანაძე, ლევან მასხულია და სამაი ჰაინს-ჯონსი სწრაფად ირჯებოდნენ და მასპინძლებს გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ. პირველი პერიოდის 3 ქულით მოგების შემდეგ რუსთაველებმა თავისი მაინც გაიტანეს და მეორე მეოთხედის შუაში 30:19 დაწინაურდნენ.

დიდ შესვენებამდე დარჩენილ დროში კაკტუსელები ინდივიდუალურ თამაშზე გადავიდნენ და შედეგიც მოიმკეს. სანდრო სანაძემ შორი და საშუალო სროლებით, ხოლო ეი ჯეი სამბრიმ ფარქვეშა აქტიურობით თამაში გაათანაბრეს და ანგარიშიც მინიმუმამდე შემცირდა. პირველი ნახევრის ბოლო წამზე სანაძემ სამქულიანი ჩააგდო და კაკტუსი მატჩში პირველად დააწინაურა – 34:33.

თანაბარი თამაში მესამე პერიოდის შუამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ჯილან ვაშინგტონმა აიწყვიტა, მიჯრით 2 ორქულიანი და ამდენივე სამიანი ჩააგდო და თანაგუნდელი ლეგიონერები აიყოლია. მაიკლ დევისმა და დევიდ ოკეკემაც რომ გაისწორეს მიზანი, ქვემოქართლელთა ლიდერობამ 13 ქულას მიაღწია – 64:51. ეს მომენტი გახდა გარდამტეხი. ბოლო პერიოდში კაკტუსელებმა ვეღარ მოახერხეს თამაშის შემოტრიალება და რუსთავი ტაქტიკურად გამართული და ზუსტი თამაშის წყალობით გამარჯვებამდე იოლად მივიდა – 89:77 (სტატისტიკა).

რუსთავის გუნდში 24 ქულით და 11 მოხსნით საუკეთესო შედეგი ვაშინგტონმა დააფიქსირა. 22 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მაიკლ დევისმა მიითვალა. 12 ქულა მალიქ უაითმა, ხოლო 11 – დევიდ ოკეკემ მიითვალეს. “კაკტუსში” 20 ქულითა და 5 პასით საუკეთესო იყო სანდრო სანაძე. 17 ქულა და 12 მოხსნა ეი ჯეი სამბრის, ხოლო 17 ქულა და 5 მოხსნა ლევან მასხულიას ანგარიშზეა.

რუსთავსა და კაკტუსს შორის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი თბილისში, 17 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.