იბრაჰიმოვიჩი ევრო-2020-ს გამოტოვებს

0
32

შვედეთის ეროვნული გუნდის თავდმსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.

39 წლის ფეხბურთელმა ნაკრების სამწვრთნელო შტაბს აცნობა, რომ მომავალ ტურნირში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.

„მილანის“ ფორვარდმა მუხლის ტრავმა 9 მაისს იტალიის სერია A-ში „იუვენტუსთან“ (3:0) მატჩში მიიღო, როდესაც ბურთი უხერხულად დაამუშავა. ის მილანელებს ვერც ჩემპიონატის დარჩენილ შეხვედრებში დაეხმარება.

ზლატანი ეროვნულ გუნდს მიმდინარე წლის მარტში დაუბრუნდა და პირველი თამაში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შინ საქართველოსთან (1:0) ჩაატარა.

მანამდე, მას შვედების რიგებში 2016 წლის ზაფხულის მერე არ უასპარეზია.

იბრაჰიმოვიჩი 62 გოლით თავისი ქვეყნის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.