ინგლისის პრემიერ ლიგის 34-ე ტურის გადატანილ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპული“ მიიღო და 2:4 წააგო.
მატჩის მე-10 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ბრუნუ ფერნადეშმა გახსნა, რომელმაც ამ სეზონში 28-ე გოლი მიითვალა და ნახევარმცველების მიერ ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით ფრენკ ლამპარდის დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა.
34-ე წუთზე დიოგო ჟოტამ საპასუხო გოლი გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე თავი რობერტო ფირმინომ გამოიჩინა, რომელმაც 47-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ბრაზილიელმა თავის კარიერაში “იუნაიტედს” “ოლდ ტრაფორდზე” პირველად გაუტანა.
68-ე წუთზე მარკუს რაშფორდმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ 90-ე წუთზე სალაჰმა, რომელმაც “ლივერპულის” მაისურით მე-200 თამაში ჩაატარა, მასპინძლები კიდევ ერთხელ დაამწუხრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
2014 წლის 16 მარტის შემდეგ „ლივერპულმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პირველად დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის შემდეგ, რაც ლივერპულელებს სათავეში გერმანელი იურგენ კლოპი ჩაუდგა, გუნდმა „მანჩესტერთან“ სტუმრად პირველად გაიმარჯვა. მანამდე, 4 ფრე და 2 წაგება დაფიქსირდა.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლივერპულს“ პრემიერ ლიგაში 2018 წლის მარტის შემდეგ ვერ უგებს – მაშინ მანჩესტერელებმა 2:1 გაიმარჯვეს. მას მერე, მანჩესტერელები 3-ჯერ დამარცხდნენ და ამდენივე თამაში ფრედ დასრულდა.
2018 წლის მარტის მერე, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპულს“ მხოლოდ ერთხელ აჯობა – წელს იანვარში ინგლისის ასოციაციის თასზე 2:1.
სხვათა შორის, „იუნაიტედმა“ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 4 თამაშიდან 3 წააგო.
მანჩესტერელებმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში თავის მოედანზე 26 გოლი გაუშვეს და ბოლო 49 წლის მანძილზე ეს ყველაზე ცუდი შედეგია.
ეგვიპტელმა სალაჰმა პრემიერ ლიგაში 96-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით აფრიკელ ფეხბურტელებს შორის, რომლებსაც ინგლისში უთამაშიათ მე-3 ადგილზე გადაინაცვლა – მან „ევერტონისა“ და „მიდსლბროს“ ექსფორვარდ იაკუბუ აიგბენის (95 გოლი) აჯობა.
რეკორდსმენი კოტ დივუარელი დიდიე დროგბაა („ჩელსი“) 104 გოლით, ხოლო მეორე ადგილზე ტოგოელი ემანუელ ადებაიორია („არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“, „ტოტენჰემი“) – 97 გოლით.
