„ბორუსიას“ მეხუთე თასი, ჰოლანდისა და ტერზიჩის რეკორდები

0
1

გერმანიის საფეხბურთო თასის ფინალში დორტმუნდის „ბორუსიამ“ „ლაიფციფი“ 4:1 დაამარცხა.

მატჩის მე-6 წუთზე ანგარიში ინგლისელმა ნახევარმცველმა ჯეიდონ სანჩომ გახსნა, ხოლო 28-ე წუთზე ნორვეგიელმა ჰოლანდმა დორტმუნდელები კიდევ უფრო დააწინაურა.

პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე სანჩომ დუბლი შეასრულა. 71-ე წუთზე ესპანელმა დანი ოლმომ ერთი ბურთი კი გაქვითა, მაგრამ 87-ე წუთზე ჰალანდმა საბოლოო წერტილი დასვა.

„ბორუსიამ“ გერმანიის თასი მეხუთედ მოიგო. დორტმუნდელებზე მეტჯერ თასი მიუნხენის „ბაიერნმა“ (20) და ბრემენის „ვერდერმა“ (6) მოიპოვეს.

„ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელი 38 წლის ედინ ტერზიჩი 21-ე საუკუნეში ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტია, რომელმაც გერმანიის თასი მოიგო.

1999 წელს, როდესაც თასს „ვერდერი“ დაეუფლა, გუნდის მაშინდელი თავკაცი თომას შააფი ასევე 38 წლის იყო.

ფინალში ერთი საინტერესო მიღწევა დაფიქსირდა. როდესაც სანჩომ მეორე ბურთინგაიტანა, ის 21 წლისა და 49 დღის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც გერმანიის თასის ფინალში დუბლი მიითვალა.

თუმცა, მას მერე რაც 20 წლის ჰოლანდმა მეორე გოლი მიითვალა, უკვე ის გახდა ფინალში ყველაზე ახალგაზრდა დუბლის შემსრულებელი.

სხვათა შორის, ჰოლანდმა „ბორუსიას“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 39 გოლი გაიტანა.