რაგბის კავშირსა და კავკასიის მედიცინის ცენტრს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

0
5

საქართველოს რაგბის კავშირსა და კავკასიის მედიცინის ცენტრს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებში „ევექსი ჰოსპიტალების“ ფლაგმანი კლინიკა ქართველი მორაგბეების  ჯანმრთელობასა და რეაბილიტაციაზე იზრუნებს.

1-წლიან ხელშეკრულებას ხელი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა თორნიკე გოგებაშვილმა და კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ მოაწერეს.

ოფიციალური მხარის დასრულების შემდეგ, გოგებაშვილმა ნათია ნუცუბიძეს ბორჯღალოსნების ხელმოწერით დამშვენებული სათამაშო კვართი და ბურთი (რომლითაც 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთი დავამარცხეთ) გადასცა.

ხელშეკრულებას ბორჯღალოსნებიც ესწრებოდნენ და მათ ქალბატონი ნათიასგან კოვიდ-რეაბილიტაციის პაკეტები მიიღეს.

თორნიკე გოგებაშვილი: „დღეს საქართველოს რაგბის კავშირსა და კავკასიის მედიცინის ცენტრს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რის საფუძველზეც კავკასიის მედიცინის ცენტრი უსასყიდლოდ გადმოგვცემს კოვიდ-ტესტების გარკვეულ რაოდენობას. ასევე ჩვენმა მორაგბეებმა მიიღეს სპეციალური პაკეტები და ისინი იზრუნებენ ჩვენი მორაგბეების ჯანმრთელობაზე, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“.

ნათია ნუცუბიძე: „დღეიდან კავკასიის მედიცინის ცენტრი ექსკლუზიურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს ქართველ მორაგბეებს. კავკასიის მედიცინის ცენტრი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი, „ევექსი ჰოსპიტალების“ ფლაგმანია, რომელიც გამოირჩევა უახლესი აპარატურით, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურით და რაც მთავარია, ყველაზე მძლავრი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კლინიკური გუნდით. სწორედ ეს გუნდი მოემსახურება სახელოვან მორაგბეებს და იზრუნებს მათ ჯანმრთელობაზე“.

„აქვე უნდა ავღნიშნო კოვიდ-პანდემია, რომელიც მორაგბეებსაც შეეხო. რამდენიმე მათგანმა ეს ვირუსი უკვე გადაიტანა. კავკასიის მედიცინის ცენტრში აპრილიდან ამოქმედდა კოვიდ-რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც კოვიდ-გადატანილი პაციენტების ჯანმრთელობის მონიტორინგსა და ღონისძიებებს ითვალისწინებს. ქართველ მორაგბეებს გადავეცით ამ მონიტორინგის პაკეტები და ველოდებით, რათა დროულად ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე და უმოკლეს პერიოდში დაუბრუნდნენ ჩვეულ ყოფას“.