„რეალმა“ „სევილიას“ ვერ მოუგო – ზიდანი მსაჯზე გაბრაზდა

0
6

ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ „სევილიას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

შეხვედრის 22-ე წუთზე ანგარიში სევილიელმა ფერნანდომ გახსნა – 0:1. მანამდე, კარიმ ბენზემას გოლი არ ჩაუთვალეს, რადგან მსაჯმა ოდრიოსოლაზე, რომელმაც ფრანგ ფორვარდს გადაცემა გაუკეთა, თამაშგარე დააფიქსირა.

67-ე წუთზე ასენსიომ საპასუხო გოლი გაიტანა – 1:1. 78-ე წუთზე, მსაჯმა „რეალის“ მცველ ედერ მილიტაოზე ხელით თამაში დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. ამ ფაქტმა მატჩის შემდეგ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

თერთმეტმეტიანი ზუსტად ივან რაკიტიჩმა შეასრულა. „რეალმა“ ქულა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გადაარჩინა, როდესაც ტონი კროოსმა საჯარიმოს გარედან დაარტყა და ბურთი ედენ აზარს ფეხზე შეეხო, რის შემდეგ, კარში აღმოჩნდა.

მატჩის შემდეგ „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მთავარ არბიტრს დანიშნული პენალტის შესახებ გაესაუბრა. მან აღნიშნა, რომ მსაჯებზე არასოდეს საუბრობს, მაგრამ ახლა გაბრაზებულია, რადგან ხუან მარტინეს მუნუერას ნათქვამმა ვერ დაარწმუნა.

ლა ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, გათამაშებას 77 ქულით მადრიდის „ატლეტიკო“ ლიდერობს, „რეალი“ 75 ქულით მეორეა, ხოლო „ბარსელონა“ ამდენივე ქულით მესამე. „სევილია“ 74 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.