
იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ „მილანი“ მიიღო და 0:3 წააგო.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე სტუმებიდან ანგარიში ბრაიმ დისსმა გახსნა.
78-ე წუთზე, ანტე რებიჩმა „იუვენტუსი“ მეორედ დაამწუხრა, ხოლო 82-ეზე ფიკაიო ტომორიმ საბოლოო წერტილი დასვა.
„მილანმა“ ბოლო 10 წლის მანძილზე სტუმრად „იუვენტუსს“ პირველად მოუგო.
გუშინ ჩატარებულ მატჩამდე, მილანელებმა ბოლოს ტურინში „იუვეს“ 2011 წლის მარტში მოუგეს – 1:0.
სხვათა შორის, “მილანმა” ერთ სეზონში სტუმრად 17 თამაში მოიგო, რაც საკლუბო რეკორდია.
შეხვედრის შემდეგ „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ თანამდებობას არ დატოვებს და მანამდე იმუშავებს, ვიდრე ამის საშუალებას მისცემენ.
ასევე, მან ხაზი გაუსვა, რომ „მილანი“ იტალიის საუკეთესო გუნდია გუნდური სულისკვეთებისა და გაბედულების მხრივ.
“მილანმა” ამ გამარჯვების შემდეგ 70 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო “იუვენტუსი” 69 ქულით მე-5 ადგილზეა და შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩეს.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მილანის “ინტერი” გახდა.
