კაკტუსმა ვერას სძლია და ნახევარფინალში რუსთავს შეუწყვილდა

0
6

საკალათბურთო კლუბი “კაკტუსი” სუპერლიგის ნახევარფინალშია. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა გუნდმა მეოთხედფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტ მატჩში ანგარიშით 90:77  დაამარცხა “ვერა” და საუკეთესო ოთხეულში ადგილი გაინაღდა. კაკტუსელებმა მესამე პერიოდში მოიპოვეს ლიდერობა, რომელიც მეოთხეში განიმტკიცეს და ამის წყალობით საბოლოოდ იმარჯვეს. პირველი ნახევარი ვერელების უპირატესობით და უმეტესი ლიდერობით წარიმართა, თუმცა დავით გასიტაშვილის გაწვრთნილ გუნდს გამოცდილება და ძალები არ ეყო გამარჯვების მოსაპოვებლად.
კაკტუსელებმა გუნდური თამაშის წყალობით მოიგეს. კალათბურთში სხვაგვარად არც ხდება, თუმცა არიან მოთამაშეები, რომლებსაც მეტი წილი მიუძღვით გამარჯვებაში. ასეთად შეიძლება კაკტუსელი ანზორ ნადირაძე დავასახელოთ, რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვან, ბოლო პერიოდში 3 სამქულიანი ჩააგდო. 20 წლის მოთამაშემ, რომელიც 202 სანტიმეტრია და პერიოდულად ცენტრადაც თამაშობს, შეხვედრაში 6-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და აქედან 3 – გადამწყვეტ ათწუთეულში. მისი შედეგიანი სროლების შემდეგ კაკტუსის უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია და ჟღენტის გუნდისთვის თამაშის სასურველი სცენარით ჩამთავრება პრობლემას აღარ წარმოადგენდა.
საბოლოოდ მატჩი ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. გამარჯვებულ კაკტუსელებს 22 ქულითა და 7 მოხსნით სწორედ ანზორ ნადირაძემ ულიდერა. 18 ქულა დააგროვა სანდრო სანაძემ, 15 ქულა ლევან მასხულიას ანგარიშზე დაგროვდა. ვერაში 35 ქულით საუკეთესო იყო აარონ პარკსი. 17 ქულითა და 8 პასით დაასრულა ასპარეზობა გივი ბაქრაძემ.
“კაკტუსი” ნახევარფინალურ სერიაში “რუსთავს” დაუპირისპირდება.