“ოლიმპმა” “ცხუმ-აფხაზეთს” სერია გაუთანაბრა

0
2

საკალათბურთო კლუბმა “ოლიმპმა” მტკიცე ხასიათი გამოავლინა და მეოთხედფინალურ სერიაში “ცხუმ-აფხაზეთთან” 0:1 ჩამორჩენისა და მნიშვნელოვანი დანაკლისის მიუხედავად საერთო ანგარიში გაათანაბრა. მოგეხსენებათ, წინა მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო “ოლიმპმა” 2 მოთამაშე – ერთ-ერთი ლიდერი ლეგიონერი დევანტე ფოსტერი და ახალგაზრდა დავით აბულაძე დაკარგა. შეგახსენებთ, რომ ამ მოთამაშეებმა თამაშის ბოლო პერიოდში, სათადარიგოთა სკამის ზონაში ერთმანეთს ეჩხუბნენ, რის გამოც სუპერლიგამ ისინი როგორც ფინანსურად, ისე დისციპლინარულად, მკაცრად დასაჯა.

ამასთან ერთად, ტრავმის გამო ოლიმპს კიდევ ერთი ლეგიონერი – კენდრიკ ტომპსონი აკლდა და თან წაგების უფლება არ ჰქონდა, რადგან სერიას დათმობდა. დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა დარჩენილი რესურსით მოახერხეს ცხუმ-აფხაზეთის დამარცხება. სწრაფი, ზუსტი და დალაგებული თამაშის წყალობით სოლიდური ლიდერობა მოიპოვეს და მთელი თამაშის განმავლობაში მოახერხეს მისი შენარჩუნება.

პირველი პერიოდის შემდეგ ოლიმპი 10 ქულას იგებდა, მეორის შემდეგ – 12-ს, ხოლო ბოლო პერიოდის წინ სხვაობამ 15 ქულას მიაღწია. ცხუმ-აფხაზეთის მოთამაშეები ბოლო პერიოდში ათამაშდნენ და შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ კახა ჯინჭარაძის მეტად საჭირო სამქულიანმა ოლიმპს შვება მისცა და ლიდერობა ბოლომდე შეანარჩუნებინა.

ოლიმპს ულიდერა კახა ჯინჭარაძემ, რომელიც შეტევაში ხომ საუკეთესო იყო და დაცვაშიც ჩვეული სიხისტითა და სტაბილურობით გამოირჩეოდა. მის ანგარიშზე 24 ქულა, 11 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი დაგროვდა. საინტერესო სტატისტიკა დააფიქსირა დონოვან სმიტმა, რომელმაც 20 ქულა საწყის 15 წუთში მოაგროვა და შემდეგ აღარ ჩაუგდია. 14 ქულით დაასრულა შეხვედრა ოლიმპის მეორე ლეგიონერმა – ბუნდუ აბდულაიმ. ცხუმ-აფხაზეთში 18 ქულით ჯოშუა მაკფოლი გამოირჩა. 13 ქულა ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზეა.

ამ გუნდებს შორის სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი 10 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.