მიქაუტაძემ „სერენი“ უმაღლეს დივიზიონში გადაიყვანა

0
6

„სერენი“ ბელგიის იუპილერ (უმაღლეს) ლიგაში აღზევდა და ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ შეიტანა.

„სერენსა“ და „ვასლანდ-ბევერენს“ შორის პირველი მატჩი 1:1 დასრულდა და მიქაუტაძემ ანგარიში პენალტით ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გაათანაბრა.

საპასუხო შეხვედრაში „სერენმა“ სტუმრად მეტოქეს 5:2 სძლია და მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა. მან 22-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

მან 62-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო 70-ე წუთზე, მეტოქის მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ქართველმა „სერენის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 4:2.

მიქაუტაძემ, რომელიც „სერენში“ ფრანგული „მეციდანაა“ განათხოვრებული, რეგულარულ სეზონში 19 ბურთი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან „ვასლანდ-ბევერენთან“ ორ შეხვედრაში 3 გოლი მიითვალა.

მიქაუტაძე „სერენის“ გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთსო ფეხბურთელად დაასახელეს.

“სერენს”, რომელიც 1922 წელსაა დაარსებული, მანამდე ბელგიის უმაღლეს დივიზიონში არასოდეს უთამაშია.