“ბათუმმა” სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა

0
3

საკალათბურთო კლუბმა “ბათუმი 2010”-მა სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა საკვალიფიკაციო სერიის მესამე მატჩიც მოუგო “ა” ლიგის ფინალისტ “კავკასიას” და ქვედა ლიგაში დაქვეითება თავიდან აიცილა. თავის მხრივ, კავკასიამ ხელიდან გაუშვა სუპერლიგაში აღზევების შანსი, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ამის მიღწევა “ა” ლიგის წარნომადგენელს ძალიან გაუჭირდებოდა. ბათუმელებს მხოლოდ სერიის მეორე მატჩში გაუჭირდათ მოგება, პირველი და მესამე, დღევანდელი შეხვედრა ერთი ამოსუნთქვით მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ დებულების თანახმად, “ა” ლიგის გამარჯვებული (მეგა) სუპერლიგაში გადავიდა, ხოლო მეორეზე გასულ “კავკასიას” შანსი ჰქონდა, სუპერლიგის ბოლოსწინა ადგილოსანს შეცილებოდა. “ბათუმმა” სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი კარგად დაიწყო და ერთი ხანობა ლიდერებშიც იყო, მაგრამ მეორე წრეში ბევრი თამაში წააგო და საქმე სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გაუხდა.

ამ საქმეს ზღვისპირელებმა თავი კარგად გაართვეს. საკვალიფიკაციო სერიის საწყისი მატჩები ბათუმში მოიგეს, დღეს კი თბილისში მესამე შეხვედრაც მოიგეს. არადა, კავკასიელებმა შეხვედრა მძლავრად დაიწყეს და დასაწყისში 8:0 დაწინაურდნენ. ბექა წივწივაძის გაწვრთნილი გუნდი სწრაფად და რაც მთავარია, შედეგიანად თამაშობდა, რის გამოც ბათუმელთა მწვრთნელს ნაადრევი წუთშესვენების აღება მოუხდა, რამაც მის გუნდზე დადებითად იმოქმედა და… პირველი პერიოდი ბათუმელებმა 27:18 მოიგეს, რის შემდეგაც ტემპი არ დაუგდიათ და ლიდერობას გზადაგზა იმტკიცებდნენ.

საბოლოოდ აჭარულმა კლუბმა 106:79 (სტატისტიკა) იმარჯვა და სეზონი დაასრულა. მომავალ წელს ბათუმელები ისევ სუპერლიგაში იასპარეზებენ, ხოლო “ა” ლიგის ჩემპიონი “მეგა” სუპერლიგაში “მგზავრებს” ჩაანაცვლებს.