ბათუმელები გალიდერდნენ, „დინამოს“ მე-1000 და ანანიძის დებიუტი

0
17

ბათუმის „დინამომ“ მიმდინარე სეზონში თბილისის „დინამოს“ მეორე შეხვედრა მოუგო.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში, აჭარლებმა თბილისელებს ბათუმის საფარშეცვლილ სტადიონზე უმასპინძლეს და 6000 გულშემატკივრის თვალწინ მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. სხვათა შორის, პირველ წრეში თბილისში ჩატარებული შეხვედრის ბედიც ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე გავიდა, როდესაც სანდრო ალთუნაშვილის პასის მერე, გიორგი ფანცულაიამ ორთაბრძოლა გიორგი პაპავას მოუგო და ბურთი ჯაბა ჯიღაურს გადააწოდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით როინ კვასხვაძეს შანსი არ დაუტოვა.

აღსანიშნავია, რომ „დინამომ“ ეროვნულ ლიგაში მე-1000 თამაში ჩაატარა, რომელიც გიორგი ნემსაძის გუნდისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

აქვე გეტყვით, რომ „დინამოს“ შემადგენლობაში დებიუტი ჯანო ანანიძეს ჰქონდა, რომელმაც კარიერაში საქართველოს ჩემპიონატში პირველად ითამაშა.

გია გეგუჩაძის გუნდმა 3 ქულის აღების შემდეგ თბილისელებს გაასწრო და 25 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია.

ნემსაძის გაწვრთნილები ამდენივე ქულით 10-გუნდიან ეროვნულ ლიგაში მე-2 ადგილზე არიან, ხოლო მე-3 პოზიცია 22 ქულით გორის „დილას“ უკავია.