“ცხუმ-აფხაზეთმა” “ოლიმპს” დამაჯერებლად სძლია

0
14

მეოთხედფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო “ცხუმ-აფხაზეთმა”, რომელმაც მეტოქე “ოლიმპს” დამაჯერებელი სხვაობით – 97:74 (სტატისტიკა) სძლია და ნახევარფინალს მიუახლოვდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ ცხუმელებს არ გასჭირვებიათ მეტოქის ძლევა, არადა, აღნიშნულ მატჩში (წყვილში) გულშემატკივრები ძალიან თანაბარ და საინტერესო ორთაბრძოლას ელოდნენ.

სერია არ დასრულებულა და ყველაფერი ჯერ წინაა. ცხუმ-აფხაზეთმა ჯერ მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო და შესაძლოა, ყველაფერი სხვა სცენარით წარიმართოს, თუმცა ამ მომენტისთვის, პირველი შეხვედრიდან გამომდინარე, ჩერქეზიშვილის გუნდს სოლიდური უპირატესობა აქვს.

მატჩი ოლიმპს ცუდად არ დაუწყია. ის კი არა, პირველი მეოთხედი მოიგო კიდეც (18:17), თუმცა მეორე ათწუთეულიდან ცხუმელებმა უპირატესობა რომ მოიპოვეს, თამაშის ბოლომდე აღარ გასჭირვებიათ. დიდი შესვენებისთვის ჩერქეზიშვილის გუნდი 45:32 იგებდა და დარჩენილ დროში მეტოქე ამაზე ახლოს აღარ მიუშვია.

მესამე პერიოდში ცხუმ-აფხაზეთის ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა და მატჩის ბედიც ფაქტობრივად გაირკვა. ცხუმელები აუღელვებლად მივიდნენ გამარჯვებამდე და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ. გუნდს ეროვნული ნაკრების წევრმა, ალექსანდრე ფევაძემ ულიდერა, რომელმაც 24 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. 20 ქულა ჩააგდო ჯოშუა მაკფოლმა, 11-11 ქულა კიზურაბ მაჩალაძემ, ტაილერ გრინმა და ნოდარ გოგოძემ მიითვალეს. ოლიმპში 19 ქულით ბომბარდირი გახდა ოთარ ფხაკაძე, 15 ქულა კახა ჯინჭარაძემ მიითვალა, 11 ქულა და 6 მოხსნა დევანტე ფოსტერის ანგარიშზე დაგროვდა.

სერიის მეორე შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 8 მაისს, 17:30 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ცხუმ-აფხაზეთი ნახევარფინალში გავა, ხოლო თუ ოლიმპი იმარჯვებს, მესამე, გადამწყვეტი მატჩი, 10 მაისს ჩატარდება.