სულშერი: „ფინალში გასვლა სასიამოვნოა, მაგრამ წაგებით იმედგაცრუებული ვარ”

0
6

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი ევროპა ლიგის ფინალში გასვლით კმაყოფილია, მაგრამ ნახევარფინალის საპასუხო მატჩში „რომასთან“ (2:3) სტუმრად წაგებით იმედგაცრუებულია.

„ფინალში გასვლა სასიამოვნოა. ჩვენ ერთი კარგი ტაიმი ჩავატარეთ „ოლდ ტრაფორდზე“, რომელიც დაგვეხმარა.

წაგებით იმედგაცრუებული ვარ. განსაკუთრებით იმით თუ როგორ ვმოქმედებდით მეორე ტაიმში.

ანგარიში შესაძლოა 8:6 ყოფილიყო. უცნაური თამაში იყო. მეტოქეს ბურთს უბრალოდ ვაძლევდით. საბედნიეროდ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გვყავს. ფინალში ვართ და 26 მაისს მოუთმენლად ველოდებით.

რაც შეეხება თამაშების განრიგს („მანჩესტერ იუნაიტედი“ 9-დან 13 მაისამდე 3 მატჩს ჩაატარებს, რედ.), ეს გაუგონარი რამაა. ასე გადაწყვიტა ხალხმა, რომელთაც ამ დონეზე ფეხბურთი არასოდეს უთამაშიათ. ფეხბურთელებისთვის მსგავსი რამ ფიზიკურად შეუძლებელია“ – ციტირებს ნორვეგიელ სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპა ლიგის ფინალში არსებობის ისტორიაში მეორედ გავიდა და 26 მაისს პოლონეთის ქალაქ გდანსკში „ვილიარეალს“ შეხვდება.

მანჩესტერელებმა პირველად ევროპა ლიგა 2017 წელს მოიგეს, როდესაც ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ამსტერდამის „აიაქსი“ 2:0 დაამარცხეს.