„მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპა ლიგის მოგებას მეორედ ეცდება

0
8

ინგლისის „მანჩესტერ იუნაიტედი“ არსებობის ისტორიაში მეორედ ევროპა ლიგის ფინალში ითამაშებს.

ოლე-გუნარ სულშერის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში შინ იტალიის „რომას“ 6:2 აჯობა, ხოლო საპასუხო შეხვედრა 2:3 წააგო და 2017 წლის შემდეგ, ევროთასების ფინალში პირველად გავიდა.

ნორვეგიელი სპეციალისტი გუნდს 2018 წლის დეკემბრიდან ავარჯიშებს და მისი ხელმძღვანელობით მანჩესტერელები რომელიმე ტურნირის ფინალში პირველად მოხვდნენ.

მანამდე, „იუნაიტედი“ ორჯერ ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში დამარცხდა, ხოლო თითოჯერ ინგლისის ასოციაციისა და ევროპა ლიგის ნახევარფინალებში.

„მანჩესტერის“ ურუგვაელმა ფორვარდმა ედინსონ კავანიმ დუბლი „რომაელებთან“ როგორც პირველ, ასევე საპასუხო მატჩში შეასრულა.

ბოლო 35 წლის მანძილზე ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროთასების ორივე ნახევარფინალში დუბლი მიითვალა. მანამდე, 1985-1986 წლების სეზონში, „კიოლნის“ თავდამსხმელმა კლაუს ალოფსმა ბელგიის „ვარეგემთან“ (4:0) პირველ მატჩში დუბლი მიითვალა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში (3:3) თავის ანგარიშზე 3 გოლი ჩაიწერა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ევროპა ლიგა პირველად 2017 წელს მოიგო, როდესაც გუნდს ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობდა.

ამჯერად, “იუნაიტედი” 26 მაისს პოლონეთის ქალაქ გდანსკში გასამართ ფინალში ესპანეთის “ვილიარეალს” შეხვდება.