თომას ტუხელი: „ჩვენი ამოცანა მთელი მატჩის განმავლობაში ინტენსიურობის შენარჩუნებაა“

0
4

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის ამოცანაა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შინ მადრიდის „რეალთან“ გასამართ საპასუხო მატჩში, მისმა გუნდმა ორი ტაიმის განმავლობაში ინტენსიურობა შეინარჩუნოს.

„ჩვენი ამოცანა მთელი მატჩის განმავლობაში ინტენსიურობის შენარჩუნებაა. ეს ნახევარფინალია და ამიტომ, ზეწოლა დიდია. გარკვეული დონის თავდაჯერების გარეშე ჩვენ არცერთი შანსი გვექნება.

დარწმუნებული არ ვარ, რომ „რეალი“ ისევ 5-3-2 სისტემით ითამაშებს. მეტოქეს შეუძლია 4-3-3 ტაქტიკა გამოიყენოს. ეს გადაწყვეტილება თამაშში ცვლილებას შეიტანს. თუმცა, ჩემი აზრით საქმე არა „რეალის“ სქემაშია, არამედ, ჩვენ თამაშში.

საკმაოდ თამამად მოვიქცევით თუ არა? მთავარი გაკვეთილი, რომელიც ავითვისეთ ისაა, რომ საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს და ნახევარფინალში ადგილი დავიმსახურეთ. ჩვენ ასეთ დონეზე დამსახურებულად ვთამაშობთ.

ითამაშებს თუ არა სერხიო რამოსი? რთული კითხვაა, რადგან ეს უბრალოდ არ ვიცი. ამას მნიშვნელობა აქვს თუ არა? დიახ, თან დიდი. რამოსი ხომ ბოლო წლების ყველაზე წარმატებული გუნდის კაპიტანია.

თუმცა, ჩვენ ამაზე არ უნდა „ჩავიციკლოთ“. ვფიქრობ, ის პირველი წუთიდან ითამაშებს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის მიერ პრესკონფერენციაზე ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

„ჩელსი“ – „რეალის“ მატჩი დღეს ლონდონში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.