ბათუმმა საკვალიფიკაციო სერიაში კავკასია 2:0 ჩამოიტოვა

0
7

სუპერლიგის საკვალიფიკაციო სერიაში გია კაზანჯიანის გაწვრთნილი “ბათუმი” 2:0 დაწინაურდა და მიზნამდე 1 მოგებაღა აკლია. შეგახსენებთ, რომ რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე გასულ ბათუმელებს სუპერლიგაში ადგილი შესანარჩუნებელი აქვს. პრეტენდენტი გახლავთ “კავკასია”, რომელმაც 10 დღის წინ დასრულებულ “ა” ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა (მეგასთან ფინალი წააგო).

ბექა წივწივაძის გაწვრთნილ კავკასიას სუპერლიგაში გადასვლის შანსი მაინც დარჩა, თუმცა ამ ეტაპზე შანსები მინიმუმამდე შეუმცირდა. საკვალიფიკაციო სერიას უკვე 0:2 აგებენ კავკასიელები, თუმცა ისიც სათქმელია, რომ დღეს გამართულ მატჩში გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ. თამაში მესამე პერიოდის მიწურულს დაიძაბა, მანამდე კი ბათუმელები დამაჯერებლად იგებდნენ და არაფერი მოასწავებდა, რომ კავკასიას მოგების შანსი გაუჩნდებოდა.

მესამე პერიოდის შუაწელში მასპინძლები 64:50 იგებდნენ, რის შემდეგაც კავკასიელთა უკანახაზელმა, ელიოტ კოულმა სნაიპერის ხელი გამოიბა და 4 ზუსტი სამქულიანის წყალობით ანგარიში ხომ გააბათილა და კავკასია დააწინაურა კიდეც. რა თქმა უნდა, მარტო კოულის დამსახურება არაა, თბილისურმა კლუბმა რომ თამაში სათავისოდ შეატრიალა – დავით მაისურაძე, რიჩარდ მათიაშვილი, მარკიზ მეიფილდი და მისი სხვა თანაგუნდელები უზადოდ თამაშობდნენ და მატჩის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე “კავკასია” 80:74 გალიდერდა.

ბათუმელები წაგების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ და რომ არა ლევან ბაბილოძე, არავინ იცის, შეხვედრა როგორ დასრულდებოდა. ბაბილოძემ არასრულ 3 წუთში 3 სამქულიანი ჩააგდო, რასაც კავკასიელებმა მხოლოდ 1 საჯარიმოთი უპასუხეს და შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ბათუმელებმა ლიდერობა დაიბრუნეს – 83:81. დარჩენილ დროში კავკასია საბოლოოდ გატყდა და ბათუმი იოლად მივიდა გამარჯვებამდე – 91:83 (სტატისტიკა).

ბათუმელთაგან 22 ქულით ბომბარდირი გახდა ანტუან ჯონსონი. ნიკოლა ვუიოვიჩმა 15 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. ლევან ბაბილოძის ანგარიშზე 19 ქულა დაგროვდა. კავკასიაში 20 ქულით საუკეთესო იყო ელიოტ კოული. 18 ქულა მარკიზ მეიფილდის ანგარიშზე დაგროვდა.

სერიის მე-3 შეხვედრა თბილისში, 8 მაისს გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში ბათუმი სუპერლიგაში ადგილს შეინარჩუნებს. კავკასიელთა გამარჯვების შემთხვევაში, მე-4 მატჩი თბილისში, 9 მაისს ჩატარდება.