ჯანო ანანიძე: „მაქსიმალურად ვეცდები დავეხმარო როგორც „დინამოს“, ასევე, საქართველოს ნაკრებს“

0
10

თბილისის „დინამოს“ ახალწვეულ ჯანო ანანიძის თქმით, სრულიად ჯანმრთელია და სათამაშოდ მზადაა.

„ანორთოსისში“ მიღებული ტრავმა გამირთულდა, კვლევები ჩავიტარე და ვიმკურნალე. დღეს სრულებით ჯანმრთელი  და ჩემს კონდიციებთან მიახლოებული ვარ“ – განაცხადა „დინამოს“ პრესსამსახურთან ანანიძემ, რომელმაც ქვეყნის ყველაზე ტიტულიან გუნდთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.

„დინამო“ ისტორიული კლუბია და მიხარია, რომ მის რიგებში თამაშის საშუალება მაქვს. რამდენიმე ხანია გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და ძალიან კარგი ატმოსფეროა. ბიჭები კარგად დამხვდნენ, ბევრ მათგანს ვიცნობდი და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ „დინამოს“ წინსვლაში დავეხმარო“ – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა.

„რაც შეეხება გარემოს, ევროპის დონის საწვრთნელი ბაზაა, თავისი სათამაშო მოედნებით, სატრენაჟორო დარბაზით, საცხოვრებელი კორპუსით. ყველა პირობაა, რომ „დინამოელმა“ მაღალი ხარისხის ფეხბურთი ითამაშოს.

„დინამო“ მოქმედი ჩემპიონია და ამ კლუბში ყოველთვის მიზანი ჩემპიონობაა. მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ გუნდს ამ მიზნის ასრულებაში დავეხმარო.

ჩემპიონატის გარდა, ასპარეზობა ევროთასებზე გვიწევს და რაღაც ეტაპამდე მაინც უნდა მივიდეთ, რომ ჩვბენი გულშემატკივრები გავახაროთ.

ქართველ გულშემატკივარს ვეტყვი, რომ მაქსიმალურად ვეცდები ჩემი ოპტიმალური სათამაშო ფორმა დავიბრუნო და დავეხმარო როგორც „დინამოს“, ასევე, საქართველოს ნაკრებს“ – თქვა 28 წლის ფეხბურთელმა.