ევროპა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში „მანჩსტერ იუნაიტედმა“ „რომას“ უმასპინძლა და 6:2 გაიმარჯვა.
მატჩის მე-9 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ბრუნუ ფერნანდეშმა გახსნა. მე-15 წუთზე პოლ პოგბამ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ლორენცო პელეგრინიმ გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ „მანჩსტერელთა“ კარში „ოლდ ტრაფორდზე“ დანიშნული ბოლო 6 თერთმეტმეტრიანიდან ოთხში დამნაშავე პოგბა იყო.
„რომა“ 33-ე წუთზე ედინ ჯეკოს გოლით დაწინაურდა და ტაიმი მოიგო.
შესვენების შემდეგ, კავანიმ 48-ე წუთზე ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 64-ეზე მასპინძლები დააწინაურა.
71-ე წუთზე ფერნანდეშმა პენალტით მანჩესტერელები კიდევ უფრო წინ გაიყვანა. მან ინგლისური კლუბის მაისურით მე-20 პენალტი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ „წითელი ეშმაკების“ ექსფორვარდებს რუდ ვან ნისტელროის (28) და უეინ რუნის (27) ჩამორჩება.
75-ე წუთზე პოგბა „რომა“ კიდევ ერთხელ დაამწუხრა, ხოლო 86-ეზე წერტილი მეისონ გრინვუდმა დასვა.
„მანჩსტერ იუნაიტედი“ ბოლო 57 წლის მანძილზე პირველი კლუბია, რომელსაც ევროთსების ნახევარფინალში ან ფინალში 6 გოლზე ნაკლები არ გაუტანია.
გუშინდელ შეხვედრამდე, ბოლოს ეს „რეალმა“ მოახერხა, როდესაც ჩემპიონთა თასის ნახევარფინალის საპასუხო თამაშში „ციურიხი“ 6:0 გაანადგურა.
ოლე-გუნარ სოლსკიაერის გაწვრთნილმა მანჩესტერელებმა ბოლო 7 თამაშიდან 6 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.
„იუნაიტედმა“ ბოლო 22 შეხვედრიდან 13 მოიგო, 8 ფრედ დაამთავრა და 1 წააგო.
ევროპა ლიგის 1/2-ფინალის საპასუხო დაპირისპირება 6 მაისს რომში ჩატარდება.
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ესპანეთის „ვილიარეალმა“ თავის მოედანზე ლონდონის „არსენალს“ 2:1 აჯობა.
თამაშის მე-5 წუთზე ანგარიში მანუ ტრიგეროსმა გახსნა, ხოლო რაულ ალბიოლმა 29-ე წუთზე ინგლისელები კიდევ ერთხელ დაამწუხრა. 73-ე წუთზე სტუმრებიდან თავი ნიკოლა პეპემ გამოიჩინა.
„არსენალი“ „ვილიარეალთან“ საპასუხო თამაშს 6 მაისს ჩაატარებს.
