„გრანადამ“ „კამპ ნოუზე“ ისტორია დაწერა, კუმანი გააძევეს

0
4

ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურში „ბარსელონამ“ „გრანადას“ უმასპინძლა და სენსაციურად 1:2 წააგო.

შეხვედრის 23-ე წუთზე ანგარიში მასპინძლების არგენტინელმა კაპიტანმა ლიონელ მესიმ გახსნა, რომელიც 2021 წელს კატალონიელთა მიერ გატანილ 27 გოლში მონაწილეობდა – 19-ჯერ მეტოქეთა კარი თავად აიღო, ხოლო 8-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. მესის მსგავსი შედეგი წელს ევროპის ტოპ-5 ლიგაში არავის უჩვენებია.

33 წლის არგენტინელმა ამ სეზონში ლა ლიგაში მოწინააღმდეგეები 26-ჯერ დაამწუხრა და საუკეთესო ბომბარდირია – 5 გოლით ასწრებს მეორე ადგილზე მყოფ „რეალის“ ფორვარდ კარიმ ბენზემას.

63-ე წუთზე დარვინ მაჩისმა საპასუხო გოლი გაუტანა, ხოლო 79-ე წუთზე ხორხე მოლინამ ზუსტი დარტყმით „გრანადას“ ისტორიული გამარჯვება მოუტანა.

„ბარსელონამ“ „კამ ნოუზე“  „გრანადასთან“ პირველად წააგო. მანამდე, კატალონიელებმა ყველა ტურნირზე „გრანადასთან“ ზედიზედ 25 თამაში მოიგეს – 20 შინ და 5 სტუმრად. ამ სეზონში „ბარსელონა“ როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ მატჩებში საკუთარ კედლებში მეოთხედ დამარცხდა.

განვლილ თამაშში მსაჯმა „ბარსას“ ჰოლანდიელი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი გააძევა. ესპანური მედიის ინფორმაციით კუმანმა მეოთხე მსაჯის მიმართ ასეთი ფრაზა თქვა: „აი, ტიპი!“, რაც მას არ აპატიეს. მან 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ლა ლიგას მადრიდის „ატლეტიკო“ 73 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე 71 ქულით „რეალია“, ხოლო მესამეზე ამდენივე ქულით – „ბარსელონა“.