გვილიას ზედიზედ მეორე ჩემპიონობა

0
2

ვაკო გვილიამ ვარშავის „ლეგიას“ შემადგენლობაში პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატი კიდევ ერთხელ მოიგო.

ექსტრაკლასას 27-ე ტურში „ლეგია“ სტუმრად გდანსკის „ლეხიას“ შეხვდა და 71-ე წუთზე გატანილი პენალტით 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო. „ლეგიამ“ ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ოქროს მედლები გაინაღდა.

არსებობის ისტორიაში „ლეგია“ ქვეყნის ჩემპიონი მეთხუთმეტედ გახდა, რაც პოლონეთის რეკორდია.

გვილიამ, რომელიც „ლეგიაში“ 2019 წლის ზაფხულში ჩაირიცხა, ექსტრაკლასა ზედიზედ მეორედ მოიგო.

მან გასულ სეზონში 35 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარეში ჩატარებულ 18 შეხვედრაში მეტოქის კარი არ აუღია.