ზიდანი: „სეზონში ყველაზე რთული თამაში გველოდება“

0
5

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ლონდონის „ჩელსისთან“ გასამართი შეხვედრა, მიმდინარე სეზონში მისი გუნდისთვის ყველაზე რთულია.

„ეს ყველაზე რთული თამაშია სეზონში, რადგან მომდევნოა. ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, მაგრამ ამ დროსთვის ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი ჩავატარეთ. ჩვენი მთავარი მიზანი დაწყებული საქმის დასრულებაა.

ეს ნახევარფინალია და ცხადია, რომ იოლი მატჩი არ გველოდება. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, თავი კარგად დავიცვათ და საგოლე მომენტების შექმნას ვეცადოთ. „ჩელსისთვის“ პრობლემების შესაქმნელად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.

„ჩელსი“ თავის ამოცანებს ჩემპიონთა ლიგაში კარგად უმკლავდება და „რეალის“ მსგავსად ნახევარფინალში თამაში დაიმსახურა. განსვავებული და ძნელი შეხვედრა იქნება, რადგან „ჩელსისაც“ ამ დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს.

სეზონის დასრულებამდე ერთი თვე დარჩა და ბოლომდე ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, პრობლემები გვაქვს, მაგრამ იმავე სიტუაციაში არიან სხვა გუნდებიც გამონაკლისის გარეშე. მოედანზე გასვლისა და რაც შეგვიძლია იმის ჩვენების სურვილი მოტივაციას გვმატებს“ – იუწყება ფრანგი სპეციალისტის მიერ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

„რეალი“ – „ჩელსის“ პირველი ნახევარფინალი დღესს მადრიდში ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.