საქართველოს თასის ფინალი – ქუთაისი vs ოლიმპი

0
6

საქართველოს თასის გათამაშების ფინალში ერთმანეთს საკალათბურთო კლუბები “ქუთაისი” და “ოლიმპი” შეხვდებიან. ამ გუნდებმა დღეს ოლიმპიურ სასახლეში გამართული ოთხთა ფინალის ნახევარფინალური შეხვედრები მოიგეს და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრესტიჟული საკალათბურთო ტიტულისთვის ერთმანეთს ხვალ, 27 აპრილს შეეცილებიან.

ოლიმპს საქართველოს თასი არასდროს მოუგია, ხოლო ქუთაისელებისთვის ეს ტიტული კარგადაა ნაცნობი. იმერულ კლუბს თასის გათამაშება 2014, 2017 და 2018 წლებში მოუგია და აღნიშნული ტიტულის დასაკუთრებას მეოთხედ ეცდება.

ქუთაისელებს ტიტულის მოსაგებად დიდი წინაღობა შეხვდებათ, რადგან დავით როგავას გაწვრთნილი ოლიმპი შესანიშნავ ფორმაშია და რაც მთავარია, საბრძოლოდაა მომართული. დღეს გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში როგავას გუნდმა სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის პირველადგილოსან “რუსთავთან” ბრძოლის კლასიკური მაგალითი აჩვენა. თუმცა ოლიმპელებს მხოლოდ თავდადებითა და ჯიგრით არ მოუგიათ. გამართული ტაქტიკისა და დაგეგმილის ზედმიწევნით შესრულებით ოლიმპმა მოახერხა მიმდინარე სეზონში ყველაზე ნაკლები წაგების მქონე რუსთავის დამარცხება. ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ოლიმპმა სეზონის საუკეთესო მატჩი ითამაშა და პრინციპულ მატჩში ფავორიტად შერაცხული მეტოქე დაამარცხა.

რუსთავი – ოლიმპი
სტატისტიკა: 78:91

რთულია ერთ კონკრეტულ მოთამაშეს მიაწერო გამარჯვება, როცა მთლიანად გუნდმა ჩინებულად ითამაშა. ოლიმპელებს კაპიტანმა კახა ჯინჭარაძემ ულიდერა, რომელიც ჩვეული უნივერსალიზმით მთელი თამაშის განმავლობაში მიუძღვებოდა თავისიანებს და როგორც შორი სროლებით, ისე სწრაფი გარღვევებით ლაშქრავდა რუსთაველთა კალათს. ამასთან, ის შეუდარებელი იყო დაცვაში და თავისი სტაბილურობით გუნდს უდიდეს დახმარებას უწევდა. ასევე იყვნენ მისი თანაგუნდელებიც, რომლებმაც მაქსიმუმი გაიღეს გამარჯვებისთვის, თუმცა გამოსარჩევია დონოვან სმიტის შედეგიანობა, რომელმაც ოლიმპს გამარჯვება გაუნაღდა.

ყველაფერზე ციფრები მეტყველებს: სმიტმა ბოლო პერიოდის საწყის 5 წუთში 14 (!) ქულა ჩააგდო: 4 სამქულიანი და ერთიც ორიანი. სანამ ის პირველ ბურთს ჩააგდებდა, ბოლო პერიოდის პირველ წუთზე, ოლიმპი 4 ქულას იგებდა, ხოლო როცა მან თავისი მე-14 ქულა ჩააგდო, ოლიმპელები 19 ქულით გალიდერდნენ, შეხვედრის დასრულებამდე კი ოთხი წუთი რჩებოდა. ერთი სიტყვით, სმიტმა, რომელიც ნომინალური ცენტრია, პერიმეტრზე აიწია და ყველა სამქულიანი ჩააგდო, რითაც რუსთაველები წასაგებად გაწირა. ქვემოქართლელთა მწვრთნელი ანატოლი ბოისა ბევრს ეცადა, წუთშესვენებებიც აიღო და თავის გუნდელებს ტაქტიკური დავალებებიც მისცა, მაგრამ ბოლო პერიოდში მის გუნდს საფრთხე იქიდან დაემუქრა, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდა.

ბოლო პერიოდამდე მეტნაკლებად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და გარდამტეხი სწორედ სმიტის 5-წუთიანი არქიმექულეობა გახდა. მისი მთლიანი მონაგარიც სწორედ ამ მონაკვეთში მოგროვებული 14 ქულაა, რასაც სმიტმა 5 მოხსნა და 1 დაფარება მოაყოლა. საუკეთესო შედეგიანობა კი ჯინჭარაძემ გამოავლინა: 20 ქულა, 10 პასი, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება. რუსთაველთაგან სამმაგი დუბლი მოაგროვა მაიკლ დევისმა: 16 ქულა, 11 მოხსნა, 11 პასი.

ქუთაისი – ცხუმ-აფხაზეთი
სტატისტიკა: 78:62

მეორე ნახევარფინალურ მატჩში კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ქუთაისმა” “ცხუმ-აფხაზეთს” დამაჯერებლად სძლია და ფინალში ოლიმპს შეუერთდა. იმერულ კლუბში ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ პირველად ითამაშა სამმა ლეგიონერმა. ტრავმების გამო ქუთაისელებს ხან 2 უცხოელი აკლდათ და ხანაც – 3. დღევანდელ მატჩში მხოლოდ კაჰიმ რენსომმა არ ითამაშა, თუმცა მოედანზე გასვლა დეჟუან რაითმა, ჟოელ ალმეიდამ და ლუკ მეიერმა შეძლეს და სწორედ მათი შედეგიანობით ქუთაისელებს ამ შეხვედრაში არ გასჭირვებიათ.

მეტნაკლები ბრძოლა იყო პირველ პერიოდში, სანამ ქუთაისელები ხელჩასაჭიდ უპირატესობას მოიპოვებდნენ. მეორე პერიოდი იმერულმა კლუბმა 17:10 მოიგო და დიდ შესვენებაზე 15-ქულიანი ლიდერობით გავიდა. ზემოთ ლეგიონერები ვახსენეთ და ერთმა, ჟოელ ალმეიდამ 5 სამიანი ჩააგდო, ხოლო ლუკ მოიერმაც ამდენივე შორი სროლა მიითვალა. ხელჩასაჭიდი უპირატესობის შენარჩუნება ქუთაისელებს არ გასჭირვებიათ და შეხვედრა ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.

ქუთაისელებს 28 ქულით ალმეიდამ ულიდერა. 18 ქულა და 8 მოხსნა აკაკი დვალიშვილის ანგარიშზეა, რომელმაც საკმაოდ აგრესიულად ითამაშა ოპონენტი ცენტრის, მასზე ბევრად მაღალი რაჰიმ ჯონსონის წინააღმდეგ. ჯონსონმა შეხვედრა 4 ქულითა და 4 მოხსნით დაასრულა, დამარცხებულთაგან კი საუკეთესო ალექსანდრე ფევაძე იყო 15 ქულითა და 8 მოხსნით.

ოთხთა ფინალი

პირველად, თასის გათამაშების დასკვნითი ფაზა ოთხთა ფინალით ჩატარდება. აღნიშნული სიახლე ამ ტურნირში წინა წელს დაიგეგმა, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო ოთხთა ფინალის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან თასის გათამაშება, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ტურნირები 2020 წლის მარტში შეწყდა.

კოვიდ-ვითარება ახლაც არაა სტაბილური, თუმცა რეგულაციების დაცვით ვაჟთა პროფესიული საკალათბურთო ტურნირები (სუპერლიგა, “ა” ლიგა,  თასის გათამაშება) გეგმაზომიერად მიმდინარეობს.

ოთხთა ფინალის სატიტულო მატჩი ოლიმპიურ სასახლეში 27 აპრილს, 17:00 საათზე გაიმართება. ფინალური შეხვედრის ტრანსლაცია იწარმოებს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფიციალურ საიტზე, ასევე Facebook და Youtube-გვერდებზე.