კრის ვუდი პირველი ახალ ზელანდიელი ფეხბურთელია, რომელმაც ინგლისის პრემიერ ლიგში ერთ მატჩში 3 გოლი გაიტანა.
33-ე ტურში „ბარნლიმ“ სტუმრად „ვულვერჰემპტონს“ 4:0 აჯობა, ხოლო 29 წლის ფორვარდმა მეტოქის კარი მე-15, 21-ე და 44-ე წუთზე აიღო. სტუმრებიდან მეოთხე გოლი 85-ე წუთზე ვესტვუდმა მიითვალა.
ვუდამდე პრემიერ ლიგაში ჰეთ-თრიქი არცერთ ახალ ზელანდიელს შეუსრულებია. საერთო ჯამში, პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ მატჩში მეტოქის კარი 3-ჯერ 46 ქვეყნის წარმომადგენელმა აიღო.
ვუდი 43 გოლით პრემიერ ლიგაში „ბარნლის“ საუკეთესო ბომბარდირია. მან 2 გოლით გაასწრო ეშლი ბარნს, რომელმაც ვუდზე 51 მატჩით მეტი ჩაატარა.
