ჯალაღონიას მესამე ფრანგული ლელო

0
3

გასულ უქმეებზე თორნიკე ჯალაღონიამ მორიგი ფრანგული ლელო გაიტანა. ამჯერად მან თავი ‘ორიაკთან’ მატჩში გამოიჩინა.

ტოპ 14-ის 22-ე ტურში კოვიდ-პანდემიის გამო მხოლოდ სამი თამაში გაიმართა. ‘სტად ფრანსემ’ ‘პოს’ უმასპინძლა და 46:32 გაიმარჯვა. პარიზელთა რიგებში პირველიდან 59-ე წუთამდე ითამაშა ვასილ კაკოვინმა.

მეორე პარიზული კლუბი ‘რასინგ 92’ ‘ტულუზს’ ეწვია და 16:34 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს გურამ გოგიჩაშვილი.

პრო დე2-ის 28-ე ტურში ‘ანგულემმა’ ‘კოლომიეს’ 24:15 მოუგო, ბონუსიც აიღო და ლიგაში დარჩენის მცირე შანსი შეინარჩუნა. ‘ანგულემი’ 41 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზე რჩება და მე-14-ზე მყოფ ‘ორიაკს’ 8 ქულით ჩამორჩება. გამარჯვებულთა ძირითადში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს ლუკა გოგინავა, ხოლო შალვა სუთიაშვილი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო.

‘პერპინიანმა’ ‘ნევერს’ 37:16 სძლია, ბონუსიც აიღო და 103 ქულით პირველ ადგილზე დაბრუნდა. ლიდერთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63 წუთი ითამაშა დუდუ ქუბრიაშვილმა. სტუმართა რიგებში შეცვლაზე 69-ე წუთზე შევიდა თორნიკე მატარაძე.

ერთბაშად 7-მა ქართველმა ითამაშა ‘ბიარიცისა’ და ‘ორიაკის’ შეხვედრაში. ბასკებმა დაძაბულ მატჩში 29:26 მოიგეს. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო თორნიკე ჯალაღონია. მან ფლანკერის პოზიციაზე 61 წუთი ითამაშა, 51-ეზე ფეხით ფრთაზე გადაკიდებულ ბურთს მიყვა, თავადაც ფეხით ითამაშა და ლელო გაიტანა (მესამე ლელო მიმდინარე სეზონში), რითაც ანგარიში 17:23 გახადა. ძირითადში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს ლუკა აზარიაშვილი, ხოლო უშანგი ჭეიშვილი შეცვლაზე ასევე 47-ე წუთზე შევიდა.

‘ორიაკის’ შემადგენლობაში პირველიდან 67-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ცუცქირიძემ. ძირითადში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს გიორგი ქართველიშვილი. მატჩში შესვენების შემდეგ ჩაერთო გიორგი ჯავახია, ლუკა ნიორაძე კი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა.

მირიან ბურდულის ‘ვალანსი’ ‘მონტობანს’ ეწვია და ნუგეშის ბონუსს დასჯერდა – 35:40. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 53 წუთი გაატარა, 68-ეზე კი თამაშში დაბრუნება მოუწია.

‘ოიონამ’ 33:27 მოუგო ‘მონ-დე-მარსანს’. გამარჯვებულთა ძირითად შემადგენლობაში იყო ბექა კაკაბაძე და ის 51-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ირაკლი მირცხულავა თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო. სტუმართა რიგებში შეცვლაზე 68-ე წუთიდან ითამაშა ლაშა მაჭარაშვილმა.

‘რუანის’ შემადგენლობაში შუამარბის პოზიციაზე შეუცვლელად ითამაშა თამაზ მჭედლიძემ. მისი გუნდი ‘პროვანსს’ დაუხვდა და 21:26 დამარცხდა. ‘რუანი’ 50 ქულით მე-13 ადგილზეა და 5 ქულა აშორებს გასავარდნ ზონას.