გვარდიოლას 30-ე ტიტული

0
2

„მანჩესტერ სიტის“ თავკაცმა პეპ გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში 30-ე ტიტული მოიგო.

ინგლისის ლიგის თასის ფინალში „სიტი“ ლონდონის „ტოტენჰემს“ შეხვდა და 82-ე წუთზე ფრანგ მცველ ემერიკ ლაპორტის მიერ გატანილი გოლით გაიმარჯვა.

მანჩესტერელებმა არსებობის ისტორიაში ლიგის თასი მერვედ მოიპოვეს და ბოლო 4 სეზონის განმავლობააში ეს გვარდიოლას ხელმძღვანელობით მოახერხეს. “სიტი” ლიგის თასზე გამარჯვებებით “ლივერპულს” გაუტოლდა.

ცნობისთვის, “სიტიმდე” ბოლოს ზედიზედ 4-ჯერ ლიგის თასს “ლივერპული” დაეუფლა – 1981-1984 წლებში.

თავად ესპანელმა სპეციალისტმა პირველი ტიტული 2008-2009 წლების სეზონში „ბარსელონას“ დამრიგებლის რანგში მოიპოვა, როდესაც კატალონოელები ესპანეთის თასს დაეუფლნენ.

მან საერთო ჯამში „ბარსელონასთან“ ერთად 14 ჯილდო მოიგო, მათ შორის ორჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა.

50 წლის ესპანელმა მიიუნხენის „ბაიერნს“ 7 ტიტული მოაპოვებინა, ხოლო „სიტის“ – 10.

გვარდიოლამ ტიტულების რაოდენობით ლეგენდარულ უკრაინელ მწვრთნელ ვალერი ლობანოვსკის აჯობა, რომელმაც 42-წლიანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში 29 ჯილდო მოიპოვა.

გვარდიოლა ტიტულებით მხოლოდ შოტლანდიელ სერ ალექს ფერგიუსონს (39 წლის განმავლობაში 49) ტიტული და რუმინელ მირჩა ლუჩესკუს (40 წლის განმავლობაში 34 ტიტულ) ჩამორჩება.

აქვე გეტყვით, რომ „ტოტენჰემს“ 2008 წლის შემდეგ ტიტული არ მოუგია.