„რეალის“ მესამე უგოლო ფრე, აზარი დაბრუნდა

0
4

მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ შინ „ბეტისი“ ვერ დაამარცხა – 0:0.

მადრიდელებს 30 იანვრის შემდეგ 17 მატჩია არ წაუგიათ – 12 გამარჯვება და 5 ფრე.

ზინედინ ზიდანის გაწვრთნილებმა ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო ოთხ მატჩში მეტოქის კარში გოლი მხოლოდ ერთხელ გაიტანეს, როდესაც წინა ტურში „კადისს“ 3:0 აჯობეს.

„რეალმა“ „ბეტისის“ გარდა ესპანეთის ჩემპიონატში უგოლო ფრე „ხეტაფესთან“, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან“ ითამაშა.

55-ე წუთზე „რეალის“ ბრაზილიელი ლეგიონერის როდრიგოს დარტყმის შემდეგ ბურთი ზედა ძელს მოხვდა. ამ სეზონში „რეალის“ ფეხბურთელებმა კარის ხარიხას ან გვერდით ძელს ბურთი 20-ჯერ მოახვედრეს.

ევროპის ტოპ-5 ლიგაში იმავე შედეგი „ვესტ ჰემსა“ და „ლიონს“ აქვთ, ხოლო პსჟ-ს მოთამაშეებს გოლის გატანაში ხელი ზედა ან გევრდითმა ძელმა 22-ჯერ შეუშალა.

„რეალის“ შემადგენლობაში გუშინ ბელგიელმა ლეგიონერმა ედენ აზარმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 13 მარტის შემდეგ პირველად გამოჩნდა. მან 6 კვირა მკურნალობას მოანდომა.

აზარმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ჩატარებულ 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.