ბათუმელებმა ქულები ისევ დაკარგეს

0
9

ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე თამაში ვერ მოიგო.

ამჯერად, ბათუმელებმა გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ერთ-ერთ აუტსაიდერ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლეს და მხოლოდ ქულა აიღეს – 1:1. არადა, გამარჯვების შემთხვევაში ლიდერ თბილისის „დინამოსთან“, რომელიც დღეს წყალტუბოში დამარცხდა, ჩამორჩენას ერთ ქულამდე შეამცირებდა.

მატჩის 39-ე წუთზე ანგარიში ბენჟამინ ტეიდმა გახსნა, რომელმაც საჯარიმოს ფარგლებს გარედან ძლიერი დარტყმით ბურთი „ცხრიანში“ მოათავსა.

78-ე წუთზე, განელმა მცველმა სამუელ ინკუმმა მარცხენა ფრთიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა, სადაც ყველას ლუკა ქაფიანიძემ დაასწრო და თავით ქუთაისელებს ქულა მოუტანა. აქვე გეტყვით, რომ „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობა დღევანდელ შეხვედრაში შოთა ბაბუნაშვილმა შეასრულა.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილ ბათუმელებს 19 ქულა აქვთ და 3 ქულით ჩამორჩებიან 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე მყოფ „დინამოს“.

გორის „დილა“ 18 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო „საბურთალო“ 17 ქულით – მეოთხეა.