თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაშით ცსკა-მ “ფენერბაჰჩეს” მეორედაც მოუგო

0
5

თორნიკე შენგელია ევროლიგის ოთხთა ფინალს მიუახლოვდა. მისმა ცსკა-მ მოსკოვში მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილ “ფენერბაჰჩეს” და საერთო ანგარიშით 2:0 დაწინაურდა. მატჩი არმიელებმა 78:67 მოიგეს და ოთხთა ფინალამდე 1 გამარჯვებაღა აშორებთ.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი გასულ შეხვედრაში ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ძალიან სარგებლიანი იყო. შენგელიამ მოედანზე მასპინძელთა რიგებში ყველაზე მეტი – 32:36 წუთი გაატარა და 11 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 7 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

თორნიკემ 8-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ იტალიელ დანიელ ჰეკეტს (27) ჩამორჩა, რომელმაც 14 ქულა, 4 მოხსნა, 9 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

“ეს რეალურად დიდი გამარჯვება იყო. ბოლომდე მაგრად ვიბრძოლეთ. მეტოქეს ჰქონდა მომენტები, როდესაც სხვაობის შემცირებას ახერხებდა, თუმცა, თავდაჯერებულობა შევინარჩუნეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიზნამდე მივედით. ახლა, საბოლოო წარმატებისთვის კიდევ ერთი მოგება გვჭირდება”, – განაცხადა თოკომ თამაშის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ფენერბაჰჩე მოსკოვში მთავარი მწვრთნელის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცის იგორ კოკოშკოვისა და რამდენიმე წამყვანი კალათბურთელის გარეშე იყო ჩასული, რაც კორონავირუსით არის გამოწვეული. ამ ფონზე, სტამბოლელთა რიგებში საუკეთესო სერბი მარკო გუდურიჩი იყო 27 ქულით, ფრანგ ვარსკვლავ ნანდო დე კოლოს კი თამაში არ წაუვიდა და მხოლოდ 9 ქულა ჩააგდო.

როგორც აღვნიშნეთ, მეოთხედფინალური სერია სამ მოგებამდე გრძელდება, მომდევნო და თუკი საჭირო გახდა, მე-4 შეხვედრას უკვე თურქეთი უმასპინძლებს. მატჩები 28 და 30 აპრილს ჩატარდება.