„შუქურამ“ და „დილამ“ ქულები გაიყვეს

0
4

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურში ქობულეთის „შუქურამ“ ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გორის „დილას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ თამაშს იგებდა, საბოლოოდ ქულა აიღო.

54-ე წუთზე ამოს ნონდიმ თავის ნახევრიდან ცუდი პასი გააკეთა და  იქვე მდგომ გურამ გურეშიძე მოხვდა ბურთი, რომელიც ლევან ინგოროყვას მიუვიდა, ამ უკანასკნელმა გორელთა საჯარიმოში იმავე ნონდი ჩამოიშორა და ახლო მანძილიდან კარში დაარტყა, მაგრამ გორელები გოლის გაშვებისგან ლუკა გუგეშაშვილმა იხსნა.

თუმცა, „შუქურას“ შეტევა გაგრძელდა და ინგოროყვას პასის შემდეგ, მიშიკო სარდალიშვილმა ანგარიში გახსნა – 1:0. ქობულეთელთა ერთ-ერთმა ლიდერმა მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატში მე-4 გოლი გაიტანა.

75-ე წუთზე, ნონდიმ მოედანის ცენტრიდან საუცხოო პასით მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი რევაზ ჩიტეიშვილი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა, ხოლო მეორეთი ზუსტად დაარტყა – 1:1.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. არადა, ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე მეკარესთან პირისპირ გასული გიორგი ჩელებაძის დარტყმის შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.

„შუქურამ“ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე თამაში არ წააგო – 2 ფრე და 1 გამარჯვება.

თავის მხრივ „დილასაც“ 3-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – 2 მოგება და 1 ფრე.