„სამტრედიას“ მეორე გამარჯვება სეზონში

0
4

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის სტარტზე „სამტრედიამ“ „თელავს“ უმასპინძლა და გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე სეზონში სამი ქულა მეორედ აიღო.

განვლილი მატჩის 35-ე წუთზე გივი იოსელიანმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა და გიორგი ჩოჩიშვილის მიერ ცუდად მოგერიებულ ბურთს ბრაზილიელმა ნათან ჟუნიორმა თავით კარში ადგილი მიუჩინა – 1:0.

38-ე წუთზე, ანატოლი მესიაჩენკომ მარჯენა ფრთაზე დანიშნული საჯარიმოდან მეტოქის კართან ჩააწოდა ბურთი, რომელსაც თავით მიმართულება ოთარ კობახიძემ შეუცვალა, ხოლო ილია ბერიაშვილმა ავტოგოლი მიითვალა – 2:0.

50-ე წუთზე, თორნიკე ძოწენიძემ სამტრედიელთა საჯარიმოში ჩაკიდა ბურთი და ბექა ქურდაძე გამოსვლაზე შეცდა, ხოლო შოთა შეყილაძემ ახლო მანძილიდან გაიტანა – 2:1.

დარჩენილ დროში „სამტრედიამ“ არსებული ანგარიში შეინარჩუნა და მიმდინარე სეზონში მეორე თამაში მოიგო.

„თელავმა“ ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო, ხოლო საერთო ჯამში ამ სეზონში რევაზ გოცირიძის შეგირდები 6-კერ დამარცხდნენ.