პირველი ლიგა | ‘ტაომ’ ერეკლეს თასი მეხუთედ ჩაიბარა

0
6

პირველი ლიგის რეგულარული სეზონის ბოლოსწინა შეხვედრას ასპინძამ უმასპინძლა. სამცხე-ჯავახეთი ასპინძის ომის ისტორიული გამარჯვების 250-ე წლისთავს აღნიშნავდა.

მეოთხედი ათასწლეულის წინ, მეფე ერეკლე II-ს სარდლობით, 3 ათასამდე მეომარისგან შემდგარმა ქართულმა ლაშქარმა, რიცხოვნობით 3-ჯერ მეტი ოსმალ-ლეკთა ჯარი გაანადგურა და მესხეთი ოსმალთა ბატონობისგან გაათავისუფლა.

კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით რეგიონის ხელმძღვანელობამ ესოდენ მნიშვნელოვანი თარიღი მოკრძალებულად აღნიშნა და ‘ტაო’-‘ჭადარის’ შეხვედრაც დღესასწაულის ერთ-ერთი გამორჩეულ ღონისძიებად იქცა.

მატჩის მიმართ ინტერესს მეტოქეთა შორის ერეკლე II-ს გარდამავალი თასის ტრადიციული, საცილო გათამაშებაც მატებდა, რომელიც 2017 წელს სამცხე-ჯავახეთისა და  თელავს შორის დაფუძნდა.

შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან, ბესიკ ამირანაშვილთან ერთად, ‘ტაოს’ დამფუძნებელი რეგიონის ექვსივე რაიონის (ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბორჯომი) თავკაცები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმართა შორის საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე, გამგეობის თავმჯდომარე გივი ჭიჭინაძე და რეგიონული სამსახურის უფროსი გაიოზ მონიავაც იყვნენ.

გუნდებმა ლაღი, თვალსასეირო ბურთაობა გააჩაღეს, ეფექტური კომბინაციებითა და უხვი ლელოებით დამსწრე საზოგადოების მოწონებაც დაიმსახურეს. კახელებმა მასპინძლებს ჯეროვანი წინააღმდეგობა მატჩის დებიუტში გაუწიეს და ‘ჭადარის’ ფრთა მიშა ნახუცრიშვილმა გატანილი ლელოთი ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა.

მესხები დარჩენილ დროში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, რაც მალხაზ ჭეიშვილის შეგირდთა 11 დადებულ ლელოშიც აისახა – 71:14. ‘ტაოს’ მარბიელმა ზაზა ბურძენიძემ პირველ ტაიმში გატანილ წყვილ ლელოს, მეორე ნახევარში ერთიც წაუმატა და შესრულებული „ჰეთ-თრიკით“ მატჩის ყველაზე შედეგიანი და გამორჩეული მოთამაშე გახდა.

‘ტაომ’ ერეკლეს თასის დასაბამიდან გამართული ხუთივე შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა და კახელებს ცნობილი არქიტექტორის, დავით ტაბატაძის მიერ დამზადებული დიდი ბატონიშვილის სანუკვარი პრიზის მშობლიურ მხარეში ჩატანის იმედი მომავალი სეზონისთვის გადაუვადა.

‘ტაოს’ კაპიტან გივი ფოცხვერაშვილს ერეკლეს თასი საზეიმო ვითარებაში რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ და მხარის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა გადასცა.

თენგიზ ცისკარიშვილი (თელავის ‘ჭადარის’ პრეზიდენტი, სრკ-ს რეგიონალური განვითარების მენეჯერი): „2017 წელს, თელავში მალხაზ ჭეიშვილის სტუმრობისას საცილო თასის გათამაშება გადაწყდა და მას შემდეგ ყოველი წლის 5 აგვისტოს ვთამაშობდით. წელს ორივე გუნდი ერთ ლიგაში გამოვდიოდით და წილად გვხვდა ბედნიერება, ერეკლე მეორეს თასისთვის უკვე ოფიციალურ მატჩებში გვებრძოლა. მართალია დღესაც დავმარცხდით, მაგრამ რაც მთავარია, ორივე გუნდმა უდიდესი სიამოვნება მივიღეთ. მიუხედავად პანდემიისა, თელავში რაგბი დღითიდღე ვითარდება და გვაქვს იმედი, როდესაც შეზღუდვები მოიხსნება, ეს პროგრესი კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება“.

ირაკლი გვენეტაძე (‘ტაოს’ პრეზიდენტი): „ერეკლე მეორეს თასისთვის ოთხი წელია ვთამაშობთ და დღეს ის მეხუთედ მოვიპოვეთ. ‘ტაო’ უნიკალური გუნდია, რადგან მის დაფუძნებაში რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა. მართალია ბაზა ასპინძაში გვაქვს, მაგრამ ჩვენ ყველა ამ რეგიონში ვცდილობთ ცხოვრების ჯანსაღი წესის და რაგბის დანერგვას, რაც აქაური ახალგაზრდობისთვის უმნიშვნელოვანესია“.