შერმადინის 22 ქულა და MVP-ის ტიტული

0
7

გიორგი შერმადინი არც ყოფილ თანაგუნდელებს ინდობს. ქართველი ცენტრი ისევ MVP გახდა და ეს ტიტული თავისი აქამდელი გუნდის – უნიკახას წინააღმდეგ მატჩში დაიმსახურა. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში შერმადინის “ლენოვო ტენერიფემ” მალაგურ კლუბს უმასპინძლა და 79:61 დაამარცხა.

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეხვედრაში შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:34 წუთში 22 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ლეგიონერმა 13-დან 10 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შერმადინის მოედანზე ყოფნის პერიოდში ტენერიფელებმა მალაგელებზე 25 ქულით მეტი ჩააგდეს, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 27-ს გაუტოლდა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ვთქვათ ისიც, რომ მასპინძელთა რიგებში 16-16 ქულა ჩააგდეს ურუგვაელმა ბრუნო ფიტიპალდომა და ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა, უნიკახას კი 22 ქულით ფრანგმა აქსელ ბუტეილემ ულიდერა.

ლენოვო ტენერიფემ ლიგა ენდესაში 24 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში კვლავაც მხოლოდ რეალსა და ბარსელონას ჩამორჩება, თანაც მათზე თამაშით ნაკლები აქვს. შერმადინის კლუბი მომდევნო მატჩს 24 აპრილს ბადალონაში ხუვენტუტთან ჩაატარებს.