„მანჩესტერი“ და „რომა“ ურთიერთობას 1/2-ფინალში გაარკვევენ

0
5

ევროპა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავის მოედანზე „გრანადას“ 2:0 აჯობა და ვინაიდან პირველი თამაში სტუმრად ანალოგიური ანგარიშით მოიგო, 1/2-ფინალში გავიდა.

გუშინ გამართული მატჩის მე-6 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ურუგვაელმა ფორვარდმა ედისონ კავანიმ გახსნა, ხოლო ვალეხომ 90-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.

ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპა ლიგის 1/2-ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.

საერთო ჯამში, ბოლო 5 წლის მანძილზე მანჩესტერელები ტურნირის ამ სტადიაზე მესამედ ითამაშებენ. „იუნაიტედმა“ ევროპა ლიგა 2016-2017 წლების სეზონში მოიგო, როდესაც გუნდს პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო წვრთნიდა.

რომში ადგილობრივმა „რომამ“ ამსტერდამის „აიაქსს“ უმასპინძლა და თამაში 1:1 დასრულდა. რომაელებმა პირველი შეხვედრა სტუმრად 2:1 მოიგეს და აქედან გამომდინარე 1/2-ფინალში გავიდნენ.

იტალიის დედაქალაქში გამართული მატჩის 49-ე წუთზე ანგარიში ამსტერდამელმა ბრობეიმ გახსნა, ხოლო 72-ე წუთზე ედინ ჯეკომ საპასუხო ბურთი გაიტანა და „რომას“ მომდევნო სტადიაზე თამაში გაუნაღდა.

1991 წლის შემდეგ „რომა“ ევროპა ლიგის (იმ დროს ტურნირს უეფას თასი ერქვა) 1/2-ფინალში პირველად ითამაშებს.  მაშინ, რომაელები ფინალში გავიდნენ და ორი მატჩის ჯამში მილანის „ინტერთან“ (0:2, 0:1) წააგეს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს „რომამ“ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ითამაშა და „ლივერპულთან“ (2:5, 4:2) დამარცხდა.

ევროპა ლიგის 1/2-ფინალში 6 აპრილს „რომა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო მატჩი 6 მაისს შედგება.