გიორგი სიმონიშვილმა “ორბს” ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი მოაგებინა

0
16

“ა” ლიგის პლეი ოფის ნახევარფინალის პირველ მატჩში რეგულარულ ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გასულმა “ორბმა” პირველადგილოსანი “მეგა” 70:66 დაამარცხა და ორ მოგებამდე განგრძობად ნახევარფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა.
გამარჯვების მომტანი ბურთი 18 წლის გიორგი სიმონიშვილმა ჩააგდო. “ორბის” მწვრთნელმა, ირაკლი ტომარაძემ ის საკმაოდ სოლიდური დროით – 24 წუთით ათამაშა. მიზეზი დაცვაში გონივრული და შედეგიანი თამაშია, ხოლო როცა საქმე საქმეზე მიდგა, სიმონიშვილმა ბურთიც ჩააგდო, თანაც – გამარჯვების.
შეხვედრის დასრულებამდე 11.4 წამით ადრე, როცა ორბელები 67:66 იგებდნენ, გიორგი სიმონიშვილმა მარცხენა კუთხიდან გამარჯვების სამქულიანი გაისროლა, რომელიც კალათში ჩაეშვა და ბოლომდე მებრძოლი “მეგა” საბოლოოდ გატყდა.


აქვე ვთქვათ, რომ სიმონიშვილმა მთლიანობაში 7 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. მწვრთნელი ირაკლი ტომარაძე მას ბოლომდე ენდო და ახალგაზრდა მოთამაშემ თანაგუნდელებთან ერთად  მოედანი გამარჯვებულმა დატოვა. უნდა ითქვას, რომ “ორბმა” გუნდური თამაშით მოიგო. სხვა გზით მძლავრი “მეგას” დამარცხება, რომელსაც აქამდე “ა” ლიგის გათამაშებაში ერთადერთი მარცხი ჰქონდა განცდილი, შეუძლებელია.
გამარჯვებულთაგან დიაგო ქუინმა რომელმაც 10 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 14 ქულა ჰქონდა ჯორდან უოკერს, ხოლო 13 – ნიკა ლოლიშვილს. მეგაში 16 ქულით საუკეთესო იყო მამუკა ბაზუაშვილი, 14 ქულა ლუკა გიორგაძის ანგარიშზე დაგროვდა.
ამ გუნდებს შორის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი 18 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში “ორბი” ფინალში გავა. ხოლო თუ წააგებს, დაინიშნება მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა, რომელიც 19 აპრილსაა დანიშნული.