“სამგურალს” სოსო ფრუიძე გაწვრთნის

0
7

წყალტუბოს “სამგურალის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა სოსო ფრუიძე დაიკავა, რომელმაც კლუბიდან გაშვებული უჩა სოსიაშვილი შეცვალა.

ფრუიძის დანიშვნის შესახებ ოფიცილური ინფორმაცია “სამგურალის” პრესსამსახურმა გაავრცელა:

“წყალტუბოს ,,სამგურალის” მთავარ მწვრთნელად გამოცდილი და ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სპეციალისტი სოსო ფრუიძე დაინიშნა.

ის სამწვრთნელო კარიერის საწყის ეტაპზე სწორედ ,,სამგურალის” მთავარი მწვრთნელი იყო. სოსო ფრუიძე წყალტუბოურ კლუბს 1994 და 1995/96 წლების სეზონში წვრთნიდა.
სხვადასხვა დროს ის ზესტაფონის ,,მარგვეთს” ქუთაისის ,,ტორპედოს”, ,,სამტრედიასა” და ,,ბორჯომს” ედგა სათავეში. ყველაზე დიდხანს – 12 წლის განმავლობაში კი საჩხერის ,,ჩიხურას” წვრთნიდა.
საჩხერულ კლუბთან ერთად მან საქართველოს თასი და სუპერთასი მოიპოვა. მისი ხელმძღვანელობით ,,ჩიხურამ” არაერთი დასამახსოვრებელი და წარმატებული მატჩი ჩაატარა ევროტურნირებზე.ბოლოს, სოსო ფრუიძე თბილისის ,,ლოკომოტივში” მუშაობდა”.
სოსო ფრუიძე: ,,მოხარული ვარ რომ დავბრუნდი კლუბში, სადაც, მთავარი მწვრთნელი რანგში, უმაღლეს ლიგაში პირველი ნაბიჯები გადავდგი. ეს კლუბი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ,,სამგურალის” ასპარეზობას ყოველთვის თვალს ვადევნებდი…
კლუბის ხელმძღვანელებმა ორი დღის წინ შემომთავაზეს თანამშრომლობა. მქონდა მათთან შეხვედრები, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და მივიღე გადაწყვეტილება დავთანმხმებულიყავი მათ შემოთავაზებას.
მადლობას ვუხდი კლუბის ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისთვის, ამ ეტაპზე გუნდის გაცნობის პროცესში ვარ. პირველ ვარჯიშს დღეს ჩავატარებ. დარწმუნებული ვარ უჩა სოსიაშვილს კარგი სამუშაო ექნება გაწეული. ვეცდებით, რომ ,,სამგურალმა” რაც შეიძლება მაღალი ადგილებისთვის იბრძოლოს”.