ნიკა ხატიაშვილის ამერიკული გამოცდილება

0
4

ბორჯღალოსანი ნიკოლოზ ხატიაშვილი ჩრდილო ამერიკის პროფესიონალური სარაგბო პირველობის, Major League Rugby-ის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

28 წლის ბორჯღალოსანმა, ამერიკული პროფესიული ლიგის ტეჰასურ ფრანჩაიზთან, ‘ჰიუნსთონ საბერქეთსთან’ 3-წლიანი კონტრაქტი შარშან გააფორმა და ახალ გუნდს იანვარში შეუერთდა.

მეიჯერ ლიგ რაგბი (MLR) 2017 წელს დაარსდა და პირველი ჩემპიონატი 2018 წელს ჩატარდა. მასში აშშ-ს 11 და კანადის ერთი ფრანჩაიზი მონაწილეობს, რომლებიც პირველ ეტაპზე ორ, 6-6 გუნდიან კონფერენციაში (ჩრდილოეთი და სამხრეთი) თამაშობენ, ორ-ორი მოწინავე კი ფლეი ოფში გადის და ჩემპიონობისთვის აგრძელებს ბრძოლას.

ხატიაშვილის თქმით, ახალი ტურნირი საკმაოდ მაღალი დონისაა და ჰიუნსტონშიც რაგბის ცნობადობა დღითი-დღე იზრდება:

„კოვიდ-პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო, პრე-სეზონი ისეთი ვერ გამოვიდა, როგორიც გვსურდა. ჩვენი გუნდის ფიზ.მომზადების მწვრთნელმა ეშლი ჯონსმა, რომელიც ‘კრუზეიდერსის’ ფიზ.მომზადების სისტემის შემქმნელია, 3-თვიანი მოსამზადებელი პროგრამა ერთ თვეში ჩაატია“.

„ტეხასში კოვიდ-სიტუაცია რთული არაა და პირბადეების გარეშე დავდივართ. ჰიუსტონში საკმაოდ თბილი ხალხი ცხოვრობს, რაგბშიც კარგად ერკვევიან და არც გულშემატკივარი გვაკლია. მთლიანობაში, ლიგა სირთულეებს მომზადებული შეხვდა.

ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ორგანიზება მარტივად მოხდა და გარკვეული კუთხით, MLR-ი ბევრ სარაგბო ქვეყანაზე წინაა. სპორტული თვალსაზრისითაც საკმაოდ მაღალი დონის ტურნირია. ის მეოთხე წელია რაც ტარდება და განვითარების სპეციფიური გეგმა აქვთ.

აქ არაერთი ზე-რაგბის ვარსკვლავი თამაშობს, მათ შორის სამხრეთ აფრიკის და ავსტრალიის ნაკრების მორაგბეები. პრო დე2-ში ექვსი წელი გავატარე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემპიონატი მასზე უფრო მაღალი დონისაა, რითაც სასიამოვნოდ გაოგნებული ვარ“.

„კლუბებს მოწესრიგებული აქვთ სტრუქტურა. სწორად ხდება მაღალი დონის მწვრთნელებისა და მოთამაშეების მოწვევა. ყველა ფრანჩაიზს ყავს მეორე გუნდი, რომლებიც ასევე რეგულარულად თამაშობენ.

ორგანიზატორებმა სწორი გათვლა გააკეთეს და სარაგბო სეზონი ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იწყება. შედეგად, ის ადამიანები, რომელთაც ძალისმიერი სპორტი მოწონთ, რაგბზე რეგულარულად დადიან და დარწმუნებული ვარ, როდესაც შეზღუდვები სრულად მოიხსნება, მათი რაოდენობაც გაიზრდება. ისეთი ტელევიზიები, როგორებიც ESPN, CBS, Fox და TSN არიან, რეგულარულად ახორციელებენ ტელეტრანსლიაციებს“.

„ასევე მაღალ დონეზეა რაგბი კოლეჯებში. როგორც NBA-სა და NFL-ში აქაც ტარდება დრაფტი და აყავთ ახალგაზრდა მორაგბეები. ყველა გუნდს ზურგს უმაგრებს ფინანსურად ძლიერი მეპატრონე“.

სრული პროფესიონალიზმი

ნიკა ხატიაშვილს ‘ჰიუსტონში’ და ზოგადად MLR-ში ყველაზე მეტად პროფესიონალიზმი მოსწონს, რაც მოთამაშეებს განვითარებაში ეხმარება:

„სავარჯიშო პროცესის მიმართ პროფესიონალური მიდგომაა და თავს სრულფასოვან სპორტსმენად ვგრძნობ. მზადება დილით, 7 საათზე იწყება. თავიდან მზადებას ის მოთამაშეები იწყებენ, რომელთაც რამე აწუხებთ, 9 საათზე კი ძირითადი ვარჯიშია, რომელიც დაახლოებით 2 საათი გრძელდება. ბაზაზე 3 საათამდე ვართ და დასვენების შემდეგ კიდევ ერთი ვარჯიშია. ყველაზე მძიმე დღე სამშაბათია, მერე კი თამაშამდე ინტენსივობა იკლებს. კვირაში ორჯერ გვიტარდება კოვიდ-ტესტირება, ასევე მოწმდება მოთამაშეთა მობილურობა“.

ხატიაშვილმა განვლილი შეხვედრა, რომელშიც ‘ჰიუსტონმა’ ‘სან დიეგო’ 34:32 დაამარცხა, მარცხენა ბურჯის პოზიციაზე დაიწყო და არ გამორიცხავს, რომ მომავალ მატჩში კვაჭად მოგვევლინოს:

„სამწუხაროდ, გვაქვს ტრავმები, რაც ალბათ მოკლე პრესეზონის ბრალია. მძიმედ დაშავდა ჩვენი მარცხენა ბურჯი და მეც პოზიციის შეცვლა მომიწია, თუმცა ამის პრობლემა არასდროს მქონია. დაშავებულია გუნდის ძირითადი კვაჭიც და არ გამოვრიცხავ, რომ მომდევნო მატჩში ამ პოზიციაზე დამაყენონ“.

„რაც შეეხება მიზანს, გვაქვს პატარ-პატარა მიზნები და ყოველი მომდევნო თამაში, შემდეგი საფეხურია. გვსურს, რომ ფლეი ოფში გავიდეთ და იქ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. ‘ჰიუსტონის’ თამაში ძალიან გავს ჩვენი ნაკრების თამაშის სტილს. ის ფორვარდების დომინანტობაზეა აგებული“.

ქართველი პირველხაზელი პირად წარმატებაზე მაღლა გუნდის ინტერესებს აყენებს და სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრასთან დაკავშირებით ამბობს:

„სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოვხვდი და სიმართლე გითხრათ, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. რა თქმა უნდა ეს სასიამოვნოა, თუმცა სიმბოლური ნაკრები უფრო ფანების გასართობია. რაგბი იმდენად გუნდური სპორტია, რომ რთულია ინდივიდუალურად ვინმე გამოარჩიო. ჩემთვის მთავარია გუნდმა მოიგოს და არა პირადი აღიარება“.

აშშ-ში საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს სცემენ

ხატიაშვილი ფიქრობს, რომ ბორჯღალოსნების კანდიდატებისთვის, განსაკუთრებით ხაზის მოთამაშეებისთვის, MLR-ში თამაში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

„ლიგა ისეთი ტემპებით ვითარდება, მალე გაუტოლდება იაპონიის ჩემპიონატს. აქ ძალიან კარგი გარემოა და მრავლად მოდიან ლეგიონერები. სათამაშო ტემპი მაღალია და აქ თამაში განსაკუთრებით ჩვენ ხაზის მოთამაშეებს წაადგება. კლუბებს ჰყავთ მაღალკვალიფიციური მწვრთნელები და რაც მთავარია, მიეჩვევიან სტრუქტურას, რაც საქართველოში არცერთ კლუბს არა აქვს. ასევე დიდი ყურადღება ექცევა შერკინებას და პირველხაზელების აქაურ ჩემპიონატში ჩართვა ორივე მხარესთვის მომგებიანი იქნება“.

„სხვათა შორის აქ საქართველოს ნაკრები საკმაოდ პოპულარულია და დიდ პატივს სცემენ. არგენტინელი და ურუგვაელი თანაგუნდელები მყავს, რომლებიც მუდამ აღნიშნავენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იყო. ისინი არ გვიყურებენ როგორც მეორე დონის ქვეყანას. ჩვენ კი უცხო ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის ელჩები ვართ და სწორედ ასე იქმნება მათი შთაბეჭდილებაც. მიმაჩნია, რომ ქართველი მორაგბეები არავისზე ნაკლები პროფესიონალები არ არიან და დარწმუნებული ვარ მათ მიმართ ინტერესი აქაურ კლუბებსაც აუცილებლად გაუჩნდებათ“