შერმადინის 15 ქულა და მარცხი “რეალთან”

0
3

ლენოვო ტენერიფეს ყველაზე უხერხული მეტოქე მადრიდის რეალია, ხოლო გიორგი შერმადინისთვის – სამეფო კლუბის ცენტრი ვალტერ ტავარეში. ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში რეალმა ტენერიფელებს უმასპინძლა და 86:78 დაამარცხა. ამით შეწყდა ტენერიფეს 6-მატჩიანი მოგებათა სერია.

ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მის პასივში 4 დაკარგვა და ამდენივე ჯარიმაა, მასზე კი ოპონენტები 5-ჯერ დაჯარიმდნენ. შერმადინმა 9-დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

პირველი ტაიმი ფრედ 38:38 დასრულდა. მეორე ტაიმის სტარტზე ტენერიფემ 9-ქულიანი გაქცევა მოაწყო, მაგრამ პერიოდი 10 ქულით დათმო და შეხვედრის ბედიც აქ გადაწყდა. ტენერიფეს მხრიდან საუკეთესო მარსელინო უერტასი იყო, რომელმაც მეტოქეს 23 ქულა ჩაუგდო, ხოლო რეალის შემადგენლობაში კი საუკეთესო ბომბარდირი 21 ქულით ლაპროვიტოლა გახდა.

შერმადინის უშუალო ოპონენტი ამ მატჩში ესპანური ლიგის MVP-ის ტიტულისთვის მებრძოლი ვალტერ ტავარეში გახლდათ, რომელმაც ქართველის მსგავსად 15 ქულა მიითვალა, თუმცა საერთო სარგებლიანობით შერმადინზე გაცილებით მაღალი შედეგი დააფიქსირა. ამის მიზეზი ისაა, რომ ტავარეშმა თამაშიდან ბურთი არ ააცილა, მეტი მოხსნა და 5 (!) დაფარება მიითვალა. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსი 15 გახლდათ, ხოლო ტავარეშის – 27. შერმადინ-ტავარეშის დუელს ესპანელმა ჟურნალისტებმა ტიტანთა ბრძოლა უწოდეს და მას ცალკე ვიდეო-რგოლი მიუძღვნეს.

რეალი 58 ქულით ჩემპიონატის ლიდერია, ტენერიფეს 46 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში უნიკახას შეხვდება, რომელიც პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის.