“სამგურალმა” უჩა სოსიაშვილი გაუშვა

0
3

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში წელს აღზევებულმა წყალტუბოს “სამგურალის” ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან უჩა სოსიაშვილი დაითხოვეს.

ეს ინფორმაცია წყალტუბოელთა პრესსამსახურმა გაავრცელა:

“წყალტუბოს ,,სამგურალი” მომდევნო ტურიდან ეროვნულ ლიგაში ასპარეზობას უჩა სოსიაშვილის გარეშე გააგრძელებს. ახალგაზრდა სპეციალისტი დღეს ფეხბურთელებს და კლუბის წევრებს დაემშვიდობა და მათ სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

გუნდი დატოვა მთავარი მწვრთნელის თანაშემწე თამაზ სამხარაძემაც.

კლუბი მადლობას უხდის უჩა სოსიაშვილს და თამაზ სამხარაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალ საქმიანობაში.

,,სამგურალის” ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი”.

სოსიაშვილი ‘სამგურალში” 2019 წლის სექტემბრიდან მუშაობდა და გუნდი ლიგა 3-დან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დააწინაურა.

სოსიაშვილის თავკაცობით “სამგურალმა” საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2020 წლის გათამაშების ფინალში ითამაშა და პენალტების სერიაში “გაგრასთან” დამარცხდა.

სოსიაშვილი 2014-2018 წლებში გორის “დილას” წვრთნიდა და 2014-2015 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა. ის 25 წლის ასაკში დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტი გახდა, რომელმაც გუნდს უმაღლეს ლიგაში ოქროს მედლები მოაპოვებინა. გარდა ამისა, სოსიაშვილთან ერთად “დილამ” 2015-2016 წლების სეზონში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

მას “სამგურალისა” და “დილას” გარდა, მთავარ მწვრთნელად “სამტრედიაში”, “დინამო 2”-ში და “რუსთავში” უმუშავია.