ქალთა ლიგის 2021 წლის სეზონი 17 აპრილს დაიწყება

0
6

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის 2021 წლის სეზონი სტარტს 17 აპრილს აიღებს. ტურნირი განახლებული ფორმატით გაიმართება და მასში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს.

ისტორიაში პირველად, ქალთა ლიგის პარალელურად, ქალთა რანგით მეორე ლიგაც გაიმართება. ქალთა ლიგაში სეზონის საუკეთესო გუნდის ტიტულის მოსაპოვებლად თბილისის “ნიკე”, “ლანჩხუთი”, ქუთაისის “მართვე”, თბილისის “ნორჩი დინამო”, “ბათუმი”, “გორი იუნაიტედი”, თბილისის “კვარტალი” და ხობის “კოლხეთი” იბრძოლებენ.

​2021 წლის სეზონში ქალთა ლიგა ორ წრედ გაიმართება, რის შემდეგაც გუნდები ორ ოთხგუნდიან ჯგუფად გაიყოფიან და კვლავ ორ წრედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. სატურნირო ცხრილში პირველ ოთხ ადგილზე მყოფი კლუბები ერთმანეთს ჩემპიონის ტიტულისთვის შეეჯიბრებიან, დარჩენილი გუნდები კი, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ.

ბოლო ადგილოსანი ავტომატურად დატოვებს ქალთა ლიგას, მეშვიდე ადგილოსანი კი, პლეი-ოფში ქალთა ლიგა 2-ის მეორე ადგილოსანს დაუპირისპირდება.

ქალთა ლიგის ახალი სეზონის პირველი ტურის კალენდარი:

17 აპრილი
ლანჩხუთი 12:30 ნორჩი დინამო
ნიკე 14:00 გორი იუნაიტედი
​მართვე 14:00 ბათუმი

18 აპრილი
კვარტალი 12:30 კოლხეთი ხობი

​ცნობილია 2021 წლის სეზონის ქალთა ლიგის საწყისი ორი წრის სრული კალენდარი. გათამაშების ცხრილისა და კალენდარის სანახავად ისარგებლეთ ბმულით.

​შეგახსენებთ, რომ 2020 წლის სეზონის ქალთა ლიგის გამარჯვებული თბილისის “ნიკე” გახდა. თბილისური კლუბი 2021-2022 წლების სეზონზე უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ.