შერმადინის 25 ქულა და სეზონში მე-13 MVP-ის ტიტული

0
5

გიორგი შერმადინის მორიგი MVP-ის ტიტული. “ლენოვო ტენერიფეს” ქართველი ცენტრი მიმდინარე სეზონში მე-13-ედ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, თუმცა ამჯერად მისი შედეგიანობა განსაკუთრებულია. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში შერმადინმა კუნძულელებს “ესტუდიანტესთან” ულიდერა და 101:77 გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

17:24 წუთში ქართველმა ლეგიონერმა 25 ქულა მოაგროვა. შერმადინმა 13-დან 9 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. თამაშიდან ჩაგდებული 9 ბურთიდან 7 ეგრედწოდებული “ენდვანი” იყო.

25 ქულასთან ერთად მის ანგარიშზე 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა იყო. შერმადინმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 ჯარიმა მიიღო და მეტოქეები მასზე 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 32 შეადგინა, რაც, ცხადია, ყველაზე მაღალი შედეგი გახლდათ და შერმადინიც დამსახურებულად გახდა მატჩის MVP.

“ლენოვო ტენერიფემ” ლიგა ენდესაში 23 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს ინარჩუნებს, წინ კი, მხოლოდ ესპანური გრანდები – “რეალი” და “ბარსელონა” არიან. შერმადინის გუნდი მომდევნო მატჩს 13 აპრილს, მადრიდში, სწორედ “სამეფო კლუბის” წინააღმდეგ ჩაატარებს.