
„მილანმა“ იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში სტუმრად „პარმა“ 3:1 დაამარცხა.
შეხვედრის მე-8 წუთზე ანტე რებიჩმა ანგარიში ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაცემის შემდეგ გახსნა. 44-ე წუთზე ფრანკ კესიემ „მილანი“ კიდევ უფრო დააწინაურა.
66-ე წუთზე რიკარდო გალიოლომ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, ხოლო ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე „პარმას“ რაფაელ ლეაომ გაუტანა და საბოლოო წერტილი დასვა.
მილანელებმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში სტუმრად ზედიზედ მე-13 თამაში მოიგეს, რაც კლუბის არსებობის ისტორიაში რეკორდია. მანამდე, „როსონერის“ ერთი სეზონის მსვლელობისას გასვლაზე ამდენჯერ არ გაუმარჯვია.
გარდა ამისა, სტეფანო პიოლის გაწვრთნილებმა ყველა ტურნირზე სტუმრად მე-16 მოგება მიითვალეს და 1992-1993 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი გაიმეორეს.
39 წლის იბრჰიმოვიჩი მე-60 წუთზე მსაჯთან კამათის გამო გააძევეს. მან კარიერაში ევროპის ტოპ-5 ლიგაში ასპარეზობის განმავლობაში მე-8 წითელი ბარათი მიიღო. აქვე გეტყვით, რომ ზლატანი იტალიის სერია A-ში 2012 წლის თებერვლიდან პირველად გააძევეს.
სხვათა შორის, თამაშის მერე პიოლიმ აღნიშნა, რომ ზლატანს მსაჯისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, რაც ფეხბურთელმა თავად განუცხადა.
