„ლოკომოტივის“ რეაბილიტაცია ქუთაისში

0
8

თბილისის „ლოკომოტივმა“ მე-7 ტურში შინ წყალტუბოს „სამგურალთან“ (2:3) წაგების შემდეგ, რეაბილიტაცია შეძლო და დღეს სტუმრად ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა – 3:1.

მატჩის პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ანგარიში თორნიკე კირკიტაძემ გახსნა, რომელმაც სამურკასოვის პასის შემდეგ ბურთო მარცხენა ფეხით გაისწორა, ხოლო მარჯვენით ზუსტად დაარტყა – 0:1.

აქვე გეტყვით, რომ მატჩის დებიუტში სტანდარტული შესრულების შემდეგ, ტორპედოელმა ბაქარ მირცხულავამ თანაგუნდელის გადაცემა გოლით დაასრულა, მაგრამ მსაჯმა მასპინძელთა მცველზე თამაშგარე დააფიქსირა.

„ტორპედომ“ საპასუხო გოლი 58-ე წუთზე გაიტანა, როცა მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და მირცხულავას თავურის მერე ბურთი გაბაძეს მოხვდა, ხოლო უზბეკმა მცველმა მუროდჟონ ტუიჩიბაევმა ახლო მანძილიდან სტუმრები დაამწუხრა – 1:1.

67-ე წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა თავის საჯარიმოში მასპინძელთა ბელარუსი ლეგიონერი დმიტრი რეკიში წააქცია და არბიტრ ჯენერი ხორავას მიერ დანიშნული პენალტი ფადი ზიდანმა ვერ გამოიყენა, რომელმაც ბურთი კარს ააცილა.

71-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ მეტოქის საჯარიმოში თემურ შონია მოძებნა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით „ლოკომოტივი“ დააწინაურა. თუმცა, სათქმელია, რომ მანამდე გაბაძე მეტოქეს აშკარას ეუხეშა, რაც მსაჯმა არ დააფიქსირა.

73-ე წუთზე, ტუჩიბაევმა თავისი საჯარიმოდან თავით მოიგერია ბურთი, რომელიც ბექა დარცმელიამ მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და ეფექტური გოლი გაიტანა.

ამრიგად, „ტორპედო“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთადერთი გუნდია, რომელსაც ამ სეზონში თამაში არ მოუგია.