„დინამომ“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო – ნემსაძისა და კვასხვაძის გარეშე

0
12

თბილისის „დინამომ“ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო.

მე-8 ტურში დინამოელებმა „სამტრედიას“ უმასპინძლეს და 2:1 დაამარცხეს.

„დინამომ“ ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა, როდესაც თამაზ ცეცხლაძემ ბურთის „ამოტანის“ დროს თავის საჯარიმოსთან შეცდა და ბაქარ ქარდავას პასის მერე გიორგი გაბედავამ ანგარიში გახსნა – 1:0.

22-ე წუთზე ქარდავამ ბურთი მოედნის ცენტრიდან „წამოიღო“ და მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოებულმა ზუსტად დაარტყა – 2:0.

26-ე წუთზე თავისი გუნდის შეტევა მარცხენა ფრთაზე ოთარ კობახიძემ წამოიწყო, რომელიც ორ მეტოქეს გაექცა და საჯარიმოში შესულმა პასი ოთარ კობახიძეს გაუკეთა, ხოლო ამ უკანასკნელმა ანგარიშში სხვაობა ერთ გოლამდე შეამცირა.

მატჩის მეორე ნახევარში მეტი გოლი არ გასულა და გიორგი ნემსაძის გუნდმა მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.

აქვე გეტყვით, რომ „დინამოს“ მაისურით ოფიციალურ შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა 18 წლის ნახევარმცველ გიორგი აბუაშვილს, რომელიც თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო.

მის გარდა, „დინამოში“ პირველი თამაში ჩაატარა მეკარე ლევან კუტალაძემ, რომელმაც როინ კვასხვაძე შეცვალა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მის გარდა, კოვიდით მეკარე ომარ მიგინეიშვილი, ნიდერლანდელი მცველი ფაბიან სპორკსლედე და გვინეელი თავდამსხმელი სეკუ კეიტა დაინფიცირდნენ.

თბილისელები „სამტრედიასთან“ სათამაშოდ ზაურ სვანაძემ გაიყვანა, რომელიც მთავარი მწვრთნელის გიორგი ნემსაძის ასისტენტია. თავად ნემსაძე მე-7 ტურში „სამტრედიასთან“ შეხვედრაში გააძევეს და დისკვალიფიცირებულია.