თსუ-მ რეგულარული ჩემპიონატი დინამოსთან მარცხით დაასრულა

0
1

სუპერლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ერთმა გუნდმა თამაშები უკვე დაასრულა. ეს გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელმაც 20 ტურის ჯამში 8 მოგება და 12 მარცხი მოაგროვა. დარჩენილ თამაშებში უნდა გადაწყდეს, თუ რომელ ადგილზე გავა თსუ. პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსი უნივერსიტეტელებს აქვთ, მაგრამ გაცილებით რეალურია, რომ ლექსო ლაფანაშვილის გუნდი მე-9 ან მე-10 ადგილს დაიკავებს. ეს დამოკიდებულია დარჩენილ თამაშებში თსუ-ს კონკურენტების შედეგებზე. ესენი გახლავთ ტიტები, დინამო და ბათუმი. ამ გუნდებს უნივერსიტეტელების მსგავსად 8-8 მოგება აქვთ, თუმცა სამივეს თითო მატჩი აქვს ჩასატარებელი.

თუკი მე-10 ადგილზე გავა, თსუ-ს მოუწევს სუპერლიგაში დასარჩენად ბრძოლა. ასეთ შემთხვევაში მისი მეტოქე იქნება “ა” ლიგის ფინალში დამარცხებული გუნდი და 3 მოგებამდე განგრძობადი საკვალიფიკაციო სერიის მომგები გუნდი 2021-2022 წლების სეზონის სუპერლიგის საგზურს მოიპოვებს. არადა, სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ თსუ-ელები 10 მატჩიდან 7 მოგებით მე-3 ადგილზე იყვნენ და საჩემპიონო ამბიციაც კი ჰქონდათ. მეორე წრე უნივერსიტეტელებისთვის წარმოუდგენლად უშედეგო გამოდგა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 10 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო. ის ერთიც მესამე პერიოდში 18-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ, ბევრისთვის მოულოდნელად და ძალიან დაძაბულ ფინალში, “ტიტებთან” მოიგო.

მატჩი, რომლის მოგებაც თსუ-ს გარანტირებულად ააცილებდა გადათამაშებაში მოხვედრას და ვინძლო, პლეი ოფის საგზურიც მოეტანა, უნივერსიტეტელებმა დღეს, უშუალო კონკურენტთან წააგეს. მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილი დინამო თსუ-ს 1 მოგებით ჩამორჩებოდა და მასაც ჰაერივით ესაჭიროებოდა გამარჯვება, რადგან მარცხის შემთხვევაში პლეი ოფში გასვლის შანსს ფაქტობრივად კარგავდა და გადათამაშებაში მოხვედრის უმთავრეს კანდიდატად იქცეოდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი პერიოდი დინამოელებმა მოიგეს 1 ქულით, ხოლო მეორე – უნივერსიტეტელებმა და დიდ შესვენებაზე თანაბარი ანგარიში იყო. მესამე პერიოდში დინამო უკეთესად ამოქმედდა. მაიკლ ედვარდსის ფარქვეშა და ლუკა ბულაშვილის პერიმეტრიდან აქტიურობით დინამოელებმა დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვეს და 10 ქულით გალიდერდნენ. თსუ იბრძოდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავდა. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, როცა დინამომ დაცვასა და შეტევაში დაბალანსებული თამაშის წყალობით 11-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა და თსუ-ს თამაშის გადასარჩენად არც დრო და არც რესურსი აღარ დარჩა – 79:71 (სტატისტიკა).

გამარჯვებულებს 20 ქულითა და 13 მოხსნით მაიკლ ედვარდსმა ულიდერა. ბულაშვილი 23 ქულით ბომბარდირი გახდა, ალონზო უოკერის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. თსუ-ში 17 ქულითა და 8 მოხსნით ქუენტინ დავი გამოირჩა. 16 ქულა და 7 მოხსნა და რიჩარდ ქალდველმა მიითვალა.

დინამო რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს 17 აპრილს, პლეი ოფში გასული და ოთხეულში მოსახვედრად მებრძოლი კაკტუსის წინააღმდეგ გამართავს.