ევროპა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში „ვილიარეალი“ სტუმრად ზაგრების „დინამოს“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა.
გამარჯვებულთა შემადგენლობაში ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე ხერარდ მორენომ გაიტანა.
მან კლუბში და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში თავი 8-ჯერ გამოიჩინა.
მორენომ 5 გოლით ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშების პლეი-ოფის საუკეთესო ბომბარდირია.
აღსანიშნავია, რომ „ვილიარეალს“ მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგაში ჯერ არ წაუგია – 9 გამარჯვება და 1 ფრე.
ესპანურმა კლუბმა ევროპა ლიგაში თავისი რეკორდი 2010-2011 წლების სეზონში დაამყარა, როდესაც 10 თამაში მოიგო.
ლონდონის „არსენალმა“ თავის მოედანზე პრაღის „სლავიას“ ვერ მოუგო – 1:1.
მატჩის 86-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ნიკოლა პეპემ გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე ჩეხმა ტომაშ ჰოლეშმა საპასუხო გოლი გაიტანა.
„არსენალმა“ ზედიზედ მეოთხე თამაში ვერ მოიგო – 2 ფრე და 2 წაგება. ბოლოს, მიკელ არტეტას შეგირდებმა 14 მარტს გაიმარჯვეს, როდესაც პრემიერ ლიგაში „ტოტენჰემს“ 2:1 სძლიეს.
აღსანიშნავია, რომ ლონდონელებმა ყველა ტურნირზე გოლი ზედიზედ მე-14 მატჩში გაუშვეს.
ამსტერდამის „აიაქსმა“ შინ „რომასთან“ 1:2 წააგო. მასპინძლებიდან პირველი გოლი დევი კლასენმა 39-ე წუთზე გაიტანა. 53-ე წუთზე ნიდერლანდელთა სერბმა ნახევარმცველმა დუშან ტადიჩმა პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი მეკარემ მოიგერია. მან „აიაქსში“ ასპარეზობის პერიოდში თერთმეტმეტრიანი პირველად გააცუდა. მანამდე, ყველა ტურნირზე ზედიზედ 17-ჯერ გაიტანა.
„რომადან“ 57-ე წუთზე თავი ლორენცო პელეგრინიმ გამოიჩინა, ხოლო სტუმრებმა თამაში 87-ე წუთზე იბანიესი მიერ გატანილი ბურთით მოიგეს.
ევროპა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩები 15 აპრილს ჩატარდება.
